ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა მოქალაქეებს, რომელთაც გალარების პროგრამა ეხებათ, კიდევ ერთხელ ურჩევს, შესაძლებლობა გამოიყენონ.
ნიკოლოზ გაგუა მოსახლეობას შეახსენებს, რომ სესხების გალარების პროგრამა ერთჯერადია და მხოლოდ ორი თვე გრძელდება.
„შეღავათიანი პირობები, რომელსაც პროგრამა ითვალისწინებს, მუდმივად არ იმოქმედებს. ამდენად, პირველი რჩევა, რომელსაც ჩვენს მოსახლეობას მივცემდი, ისაა, რომ თუკი ისინი არიან გალარების პროგრამის მონაწილეებს შორის, ეს შესაძლებლობა გამოიყენონ“, - აცხადებს გაგუა.
ამასთან, მისი თქმით, სესხების გადარების პროგრამისადმი მოსახლეობის ინტერესი დიდია.
„კომერციულმა ბანკებმა 17 იანვრიდან ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში უკვე მოახდინეს სიახლის შესახებ იმ პირების ინფორმირება, ვისაც ეს აქცია პოტენციურად ეხება, თუმცა თუკი ვინმე მიიჩნევს, რომ სესხების გალარების პროგრამა მას ეხება და ამავე დროს, მომსახურე ბანკიდან არავინ უკავშირდება, ბუნებრივია, ის თავად უნდა მივიდეს ბანკში და გაეცნოს გალარების პირობებს.
პროგრამის პირველივე დღეს იმდენად დიდი იყო ინტერესი, რომ ბანკებს პროგრამის პოტენციური მონაწილეების 8 პროცენტამდე მიაკითხა. ამდენად, ვფიქრობ, რომ ასეთი დიდი ინტერესი არ არის გამოწვეული უბრალო ცნობისმოყვარეობით, არამედ ხალხში არსებობს რეალური მოთხოვნა, საბანკო მომსახურებას იმ ვალუტით ეწეოდეს, რომელშიც შემოსავალი აქვს. გალარების პროგრამის მთავარი მიზანიც ხომ ისაა, რომ სავალუტო რისკი გადავიდეს მათზე, ვისაც მისი მართვა შეუძლია. რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, მათ ეს შესაძლებლობა ნაკლებად აქვთ“, - აღნიშნავს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.
მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამა მსესხებლებს შესაძლებლობას მისცემს, ისარგებლონ შეღავათიანი კურსით სესხების გალარებისას და არ გადაიხადონ სესხის წინასწარ დაფარვის საკომისიო.
როგორც გაგუა განმარტავს, პროგრამის მონაწილის ე.წ. განკარგვადი შემოსავალი აღარ იქნება დამოკიდებული კურსთაშორის სხვაობაზე და მას სესხის მომსახურება იმ ვალუტით შეეძლება, რომელშიც აქვს შემოსავალი.
„ლარში სესხი საშუალებას გვაძლევს არ ვიყოთ სავალუტო კურსზე დამოკიდებული და უზრუნველყოფს მსესხებლის მიერ სესხის მომსახურებაზე გასაწევი დანახარჯების პროგნოზირებადობა და ასევე, როდესაც მსესხებელს შემოსავალიც და სესხიც აქვს ლარში, ეს უფრო ნაკლებხარჯიანია. მას არ უწევს თანხის გადახურდავება სესხის დაფარვის დღეს და ხშირად აღნიშნულ გადახურდავებასთან დაკავშირებული კონვერტაციის საკომისოების გადახდა. ყოველივე ეს შეიძლება იყოს საკმაოდ არსებითი (1 პროცენტი ან უფრო მეტიც). შესაბამისად, ეს გარემოება პროგრამას დამატებით მიმზიდველობას სძენს“, - აცხადებს გაგუა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, კომერციული ბანკები გალარებულ სესხებს გასცემენ არსებული საბაზრო საპროცენტო განაკვეთით. მაგალითად, დღეის მდგომარეობით ლარით გაცემული ცვლად პროცენტიანი იპოთეკური სესხების საბაზრო პროცენტი 10%-ის ფარგლებშია.
„როდესაც გალარებაზე ვსჯელობთ, ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება იყო, რომ საპროცენტო განაკვეთები საბაზრო მექანიზმებით უნდა ყოფილიყო დარეგულირებული. ჩვენ ამ საკითხში არ ვერევით. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ლარზე საპროცენტო განაკვეთები შემცირდა. ამდენად, ვთვლით, რომ საპროცენტო განაკვეთები ლარში იქნება მისაღები“, - განმარტავს გაგუა და დასძენს, რომ აღნიშნული პროგრამა არ იქნება დაკავშირებული რაიმე ტიპის ხარჯებთან.
სესხების გალარების პროგრამა 2017 წლის 17 იანვარს დაიწყო და ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროგრამა ეხება ფიზიკურ პირზე 2015 წლის 1-ელ იანვრამდე აშშ დოლარში გაცემულ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებს. მთავრობა უზრუნველყოფს სესხების გალარებას შეღავათიანი კურსით, რომელიც შეადგენს კონვერსიის დღეს არსებულ პუნქტს მინუს 20 თეთრი 1 აშშ დოლარზე. სუბსიდია არ შეეხება მაღალი შემოსავლების მქონე პირებს, ანუ ვისი წლიური შემოსავალი 2015 წელს 100,000 ლარზე მეტი იყო ან ვისი სესხის ნარჩენი ოდენობა აღემატება 100 ათას აშშ დოლარს. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.
ასევე იხილეთ: 7 ქვეყანა, სადაც დედოლარიზაცია წარმატებით განხორციელდა