ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხუნევის (კმ138–კმ158) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს. უწყების პრესსამსახურის ცნობით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვა რჩება მხოლოდ ნაქერალას უღელტეხილზე, სადაც ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.