საპარტნიორო ფონდმა პარტნიორ კომპანია „კაპიტოლ ქუთაისი ჰოტელთან“ ერთად ქუთაისში ახალი 3 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს Best Western შენობის მშენებლობა დაასრულა. როგორც საპარტნიორო ფონდიდან იუწყებიან, „კაპიტოლ ქუთაისი ჰოტელი“ ამჟამად სასტუმროს შიდა მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს, რომელიც მოპირკეთებასა და სასტუმრო ნომრების აღჭურვას ითვალისწინებს. დასრულების ფაზაშია ფასადის სამუშაოები, მიმდინარეობს გარე პერიმეტრის კეთილმოწყობა.
”Best Western პირველი ბრენდირებული სასტუმრო იქნება იმერეთის რეგიონში. ქალაქის ისტორიულ ცენტრში განთავსებულ სასტუმროს 40 სტანდარტული და 5 ლუქსის ტიპის ნომერი ექნება, რომლის ინფრასტრუქტურა ასევე მოიცავს 3 საკონფერენციო დარბაზს, ღია და დახურული ტიპის კაფე-რესტორანს. სასტუმრო ოპერირებას გაზაფხულზე დაიწყებს”, -აცხადებენ საპარტნიორო ფონდში.
საპარტნიორო ფონდის პარტნიორი ამ პროექტში „კაპიტოლ ქუთაისი ჰოტელია“ პროექტის ღირებულება 3 მილიონი აშშ დოლარია, სადაც ფონდის მონაწილეობა 1.4 მლნ აშშ დოლარია. სასტუმროს დეველოპმენტს ახორციელებს კომპანია „სიმეტრია“, რომელიც Best Western International-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. Best Western International სასტუმროების უმსხვილესი საერთაშორისო ქსელია, რომელიც მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 4000-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს.