ბევრს გონია, რომ ინფორმაცია, რომელსაც სოციალურ ქსელში აქვეყნებს, მხოლოდ მისი მეგობრებისთვისაა საყურადღებო და საინტერესო. რეალურად კი აღნიშნულ ინფორმაციას ხშირად დამსაქმებლები ნახულობენ და დიდ ყურადღებასაც აქცევენ.
Jobvite-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, დამსაქმებლების 93% გადაწყვეტილების მიღებამდე კანდიდატის სოციალურ ქსელებს გულდასმით ათვალიერებს.
სოციალურ ქსელში ნარკოტიკული საშუალებების მიმართ გამოხატული ინტერესი ყველაზე უარყოფით გავლენას ახდენს დამსაქმებლის გადაწყვეტილებაზე. დამსაქმებელი მენეჯერების მხოლოდ 2 პროცენტი ამბობს, რომ ეს დადებითია. ცალსახად უარყოფითად აისახება დამსაქმებელზე სექსუალური პოსტები. მათი 70 პროცენტი სექსუალური პოსტების ავტორ კანდიდატებს უარს ეუბნება, 1%-ს კი - მოსწონს. პოსტები იარაღსა და ალკოჰოლზე ასევე დასაფიქრებელია დამსაქმებლების ნაწილისთვის.
ჩამოთვლილი ფაქტები დასაქმების მაძიებლების გაკვირვებას არ გამოიწვევს. თუმცა მათ პარალელურად, ჩნდება სხვა საკითხებიც, რომელსაც თურმე დამსაქმებლები ყურადღებას აქცევენ.
66% ამბობს, რომ ისინი დიდ ყურადღებას აქცევენ გრამატიკულ და ორთოგრაფიულ შეცდომებს.
უმჯობესია, თუ თქვენს პოლიტიკურ შეხედულებებსაც თქვენთვის შეინახავთ, რადგან ყოველი 6 დამსაქმებლიდან 1 ამას უარყოფითად ჩაგითვლით.
დამსაქმებელი ყოველთვის აქცევს ყურადღებას კანდიდატის პროფესიულ გამოცდილებას, საერთო ნაცნობებსა და მეგობრებს, ინტერესებს და წინა სამსახურებს.
კვლევის შედეგებმა გამოავლინა, რომ დამსაქმებლები სხვადასხვა სოციალურ ქსელებს განსხვავებულ ყურადღებას აქცევენ. ამ მხრივ, LinkedIn ლიდერია, რადგან მას დამსაქმებელი მენეჯერების 79 პროცენტი ამოწმებს. შემდეგ მოდის Facebook 26%-ით და Twitter – 14%-ით.
როგორც აღმოჩნდა, ინფორმაციას, რომელსაც შეიძლება თქვენ გასართობად აქვეყნებთ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, ვიდრე უბრალოდ გართობაა. ამიტომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებამდე დაფიქრდით, გინდათ თუ არა რომ კონკრეტული პოსტი ნახოს თქვენმა ხელმძღვანელმა ან პოტენციურმა დამსაქმებელმა. ხშირად შეამოწმეთ თქვენი კონფიდენციალურობის პარამეტრები, რადგან ისინი ავტომატურად იცვლება ხოლმე.