რეზონანსი - "მაღაზიებში დახლები ცარიელდება"

დედაქალაქში მდებარე სავაჭრო ობიექტებიდან ზოგიერთი პროდუქტი გაქრა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, მაღაზიების კონსულტანტები მომხმარებლებს ცარიელი დახლებისთვის ბოდიშს უხდიან. როგორც იმპორტიორი კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მარკეტების დიდ ნაწილს ნისიად მიღებული პროდუქტის საფასურის გადახდა უჭირს. ნაწილი კი გაზრდილი ფასით პროდუქტის მიღებისგან თავს იკავებს. ამის გამო კი მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

"ბიზნეს-რეზონანსი" ამ საკითხით დაინტერესდა და რამდენიმე ჰიპერმარკეტსა თუ სასურსათო მაღაზიაში მომხმარებლების მიერ მოწოდებული ინფორმაცია გადაამოწმა. აღმოჩნდა, რომ პრობლემა ერთი კონკრეტული მიმართულებით კი არ შეიმჩნევა, თითქმის ყველა სექციაში რამდენიმე დახლზე საქონლის ადგილი თავისუფალია.

სადისტრიბუციო კომპანია "გრანდის" პრეზიდენტი ივა ჭყონია "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული რთული მდგომარეობის გამო (საქმე ეხება ლარის გაუფასურებასა და საწვავზე ფასის ზრდას) რამდენიმე იმპორტიორს მოუწია საქონლის გაძვირება, რასაც სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლები არ დათანხმდნენ. იმპორტიორები კი ზარალზე მუშაობას არ აპირებენ. შეთანხმება ჯერჯერობით ვერ შედგა, მაგრამ ჭყონიას გონივრული გადაწყვეტილების მიღების იმედი აქვს.

"ვალუტის დევალვაციის გამო კომპანიებმა ფასი გაზარდეს, მათ შორის, ადგილობრივმა მწარმოებლებმაც. ყველაზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ მათი დიდი ნაწილი (ჰიპერმარკეტები და მაღაზიები) თავად ართულებს საქმეს და სარეალიზაციო ფასს არ ზრდის. ისინი გარკვეულ პერიოდს ითხოვენ და ელოდებიან, სხვა როდის გააძვირებს, რომ შემდეგ მოუმატონ ფასი.

ერთი სიტყვით, გაურკვეველი მიზეზებია და ამიტომაც ამ პერიოდში ჩვენც თავს ვიკავებთ და პოდუქციას აღარ ვაწვდით. ეს ვითარება გაგრძელდება მანამდე, სანამ ღირებულებას არ გაზრდიან.

ზოგადად მძიმე გარემოში გვიწევს მუშაობა. საწვავის გაძვირებამ და ლარის გაუფასურებამ იძულებული გაგვხადა, გაგვეძვირებინა პროდუქცია. ძველ ფასში ფიზიკურად ვერ გავყიდით, ეს ზარალზე მუშაობაა. შექმნილი გაურკვევლობის თავიდან აცილების ერთადერთი გზაა ის, რომ სავაჭრო ობიექტებმა პროდუქტი, რომელსაც დისტრიბუტორები აძვირებენ, თავადაც გააძვირონ და ვითანამშრომლებთ ძველებურად.

მთავარი ფაქტორი იმისა, რომ დახლებზე პროდუქცია არ უდევთ, საქონლის აფასებაა. ისინი უარს აცხადებენ ახალი პარტიის მიღებაზე გარკვეული ვადით.

ფასის ზრდის კუთხით ძალიან მწვავე პოზიცია აქვს "კარფურს". გაძვირებას შედარებით გაგებით ეკიდებიან სხვა ქსელური მარკეტები, თუმცა მათ გადახდის პრობლემა აქვთ. ერთი სიტყვით, უნდა შეჯერდნენ იმაზე, თუ რას აპირებენ სამომავლოდ", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ჭყონიამ.

პრობლემებია მცირე და საშუალო მაღაზიებშიც. ერთ-ერთი მარკეტის მეპატრონე გია ტვილდიანი ამბობს, რომ სადისტრიბუციო კომპანიებისთვის თანხის დროულად გადახდას ვერ ახერხებს, რის გამოც კომპანიები მაღაზიაში პროდუქტის შეტანისგან თავს იკავებენ. ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, კონკრეტული სურსათისთვის განკუთვნილი დახლები ცარიელია.

"პირველი და მთავარი მიზეზი არის ის, რომ ზოგიერთ სურსათზე სადისტრიბუციო კომპანიებმა ფასი გაზარდეს. ამას ქვეყანაში არსებული მდგომარეობით ხსნიან - გაუფასურებული ლარისა და გაძვირებული საწვავის ფონზე უწევთ მუშაობა. ყველაფრის მიუხედავად, ვეთანხმები მათ და მიმაჩნია, რომ ზარალზე ვერ იმუშავებენ.

ჩვენ კი მომატებული ფასით საქონლის შემოტანისგან თავს ისევ მყიდველების გამო ვიკავებთ, რადგან მათაც უჭირთ პროდუქტის შეძენა. კლიენტი რომ მოდის, მიზერული დასახელების საქონელს ყიდულობს, რაც საარსებოდ აუცილებელია, მეორეხარისხოვანი შედარებით ნაკლებად იყიდება. სწორედ ამის გამო ვერ ვახერხებთ პროდუქციის ასორტიმენტის განახლებას", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ტვილდიანმა.

უკმაყოფილებას გამოთქვამენ მომხმარებლებიც. ანა მესხი ამბობს, რომ მსგავსი სიტუაცია თბილისის ბევრ მარკეტშია, მათ შორის, ისეთ მსხვილ ობიექტებში, როგორიცაა "კარფური" და "ფრესკო". მისი თქმით, ერთ სივრცეში ყველა სახის პროდუქტის შეძენა უკვე პრობლემად იქცა, რის გამოც სხვადასხვა მაღაზიებში გადაადგილება უწევს.

"რამდენიმე დახლზე, სასურველი პროდუქტის ნაცვლად, მხვდება წარწერა - "ბოდიშს გიხდით, მარაგი ამოწურულია". ეს მიუთითებს ორ რამეზე, ვერ ხერხდება მაღაზიების პროდუქტით მომარაგება ან იმდენი მყიდველია, რომ დახლების შევსებას ვერ ასწრებენ, რაშიც ეჭვი მეპარება. ეს პრობლემა არა მარტო პატარა მარკეტებს აქვთ, არამდე ისეთ დიდ კომპანიებს, როგორიცაა "კარფური" და "ფრესკო".

როდესაც მაღაზიაში შევდივარ, მინდა ყველაფერი ერთ ადგილას შევიძინო, მაგრამ სასურველი პროდუქტის არარსებობის გამო უკვე ვეღარ ვახერხებ. ამიტომ მიწევს სხვადასხვა მარკეტებში გადასვლა, რაც ერთგვარი დისკომფორტია მომხმარებლისთვის," - აღნიშნა მესხმა.

"ბიზნეს-რეზონანსი" ინფორმაციის გადასამოწმებლად რამდენიმე სავაჭრო ქსელს დაუკავშირდა, მათ შორის "კარფურს" და "ფრესკოს".

"ფრესკოს" წარმომადგენლის მარიამ აფრიდონიძის თქმით, მათი დახლები კონკრეტული პროდუქტისგან მხოლოდ იმიტომ არის ცარიელი, რომ მომწოდებელმა კომპანიამ ფასი არაადეკვატურად გაზარდა. დისტრიბუტორებს სურთ, გამოიყენონ ლარის ამჟამინდელი არასტაბილური მდგომარეობა ზემოგების მისაღებად.

"ბოდიშს გიხდით, პროდუქტის მარაგი დროებით ამოწურულია" - ნიშანი, რომელსაც მომხმარებელი ხედავს სუპერმარკეტების ქსელ "ფრესკოში", ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ერთს: ამ პროდუქციის მომწოდებელმა კომპანიამ ფასი არაადეკვატურად გაზარდა და უნდა, რომ გამოიყენოს ლარის არასტაბილური მდგომარეობა ზემოგების მისაღებად. ეს რომ არ მოხდეს, ჩვენი კომპანიის შესაბამისი დეპარტამენტები სათითაოდ ამოწმებენ ათასობით დახლების პროდუქციას და ფასის მატება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გაძვირება რეალურად გამოწვეულია ლარის კურსის ცვალებადობით.

რა თქმა უნდა, პროდუქციის ნაკლებობა თაროზე იწვევს ნავაჭრის ბრუნვის შემცირებას ქსელში, მაგრამ "ფრესკოს" ფინანსური მდგომარეობა იმდენად სტაბილურია, რომ ჩვენ მზად ვართ, ქამარი კიდევ უფრო მაგრად შემოვიჭიროთ და არ მივცეთ საშუალება გაქსუებულ მომწოდებლებს, ჩვენი კლიენტების ხარჯზე შეივსონ ჯიბეები.

ხაზს გავუსვამთ იმ გარემოებას, რომ არ არსებობს არც ერთი პირველადი მოხმარების პროდუქცია, რომელიც არ იყოს მინიმალური ასორტიმენტით მაინც წარმოდგენილი", - აღნიშნა მარიამ აფრიდონიძემ.

"კარფურის" წარმომადგენელი ეკა ბილანიშვილი "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ წარწერა - "ბოდიშს გიხდით, პროდუქტის მარაგი ამოწურულია" - კომპანიის შიდა პროცედურის ერთ-ერთი ნაწილია, რომელსაც "კარფურის" ქსელში ვიყენებთ მრავალი წელია პროდუქტის უქონლობის შემთხვევაში. მიზეზი შეიძლება მრავალი იყოს და კონკრეტულად ფასების ზრდას არ უკავშირდება. რაც შეეხება იმპორტიორებთან ჩვენს თანამშრომლობას, ჩვეულ რეჟიმში ვაწარმოებთ მოლაპარაკებას და ხელშეკრულების განახლებას", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ბილანიშვილმა.

ნათია ლომიძე

გაზეთი "რეზონანსი"