კერძო სკოლა „ლამპარის“ დახურვის გამო 65 მოსწავლე სკოლის გარეშე დარჩა. ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, ყოფილი კავშირგაბმულობის ტექნიკუმის შენობის პირველ სართულზე გახსნილი კერძო სკოლა 16 იანვრიდან აღარ ფუნქციონირებს. სკოლამ რამდენიმე მიზეზის გამო ავტორიზაციის პროცესი ვერ გაიარა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ მეექვსე კლასის მოსწავლის მშობელმა ლუარა ჯაბუამ განუცხადა, ზამთრის არდადეგების დასრულების შემდეგ ბავშვები მივიდნენ სკოლაში, თუმცა აღმოჩნდა, რომ სკოლა აღარ ფუნქციონირებდა.
„სასწავლო წლის დასაწყისში, სექტემბერში მინდოდა ბავშვის გადაყვანა სხვა სკოლაში, მაგრამ დირექტორმა მთხოვა, არ გადაიყვანოო. არ ვიცოდი თუ ასე მოხდებოდა და დაიხურებოდა. შუა სემესტრში ბავშვის გადაყვანა მომიწევს, უნდა მივიდე სკოლებში და გავარკვიო, თუ მიიღებენ ბავშვს. ამბობენ, რომ იჯარა შეუჩერდა. ჩვენ, მშობლები არ ვიყავით ინფორმირებული“, - აღნიშნა ლუარა ჯაბუამ.
გარდა ამისა, ზოგიერთი მშობელი აცხადებს, რომ სკოლის დირექტორმა ნუკრი ნოზაძემ მათ იანვრის თვის სწავლის გადასახადი წინასწარ გამოართვა და თანხის უკან დაბრუნების საკითხი გაურკვეველია.
სკოლის დირექტორი ნუკრი ნოზაძე სკოლის დახურვის ფაქტს ადასტურებს, თუმცა სხვა დეტალებზე არ საუბრობს.