„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმოს შექმნა იგეგმება

მთავრობა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმოს შექმნასთან დაკავშირებით მიიღებს გადაწყვეტილებას. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ძალიან დიდ ინტერესს იწვევს.

„კიდევ ორი ახალი საწარმოს შექმნასთან დაკავშირებით მივიღებთ დღეს გადაწყვეტილებას. ერთ-ერთი მათგანი 3,5 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს. ეს არის საშენი მასალების საწარმო, რომელსაც გადაეცემა ერთი ჰექტარი მიწის ფართი, რომელიც არის დიდ ლილოში. მეორე არის მინისა და მინის ნაწარმის მწარმოებელი კომპანია, სადაც მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება“, -განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობა რამდენიმე მიმართულებით ეხმარება დამწყებ ბიზნესს, მათ შორის არის სახელმწიფოს ხელში არსებული ქონების უსასყიდლოდ, სიმბოლურ ფასად გადაცემა, სესხის სუბსიდირება სტარტაპის პერიოდში და ა.შ.