განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლა „ლამპარს“ რეავტორიზაციაზე უარი „სერიოზული დარღვევების“ გამო ეთქვა

კერძო სკოლა „ლამპარმა“ ვერ გაიარა რეავტორიზაციის პროცესი რამდენიმე მიზეზის გამო, - ამის შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დავით კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ავტორიზაციის ვადის ამოწურვის შემდეგ, სკოლამ საბუთები თავიდან წარადგინა, თუმცა სამი დარღვევის გამო 16 იანვარს რეავტორიზაციაზე უარი ეთქვა.

„სკოლას ავტორიზაციის ვადა ამოეწურა. შემოიტანა განაცხადი რეავტორიზაციის პროცედურაზე, მაგრამ ვერ წარმოადგინა ფართის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასევე, სასკოლო სასწავლო გეგმაში არჩევითი საგნების მოცულობა, დასახელება და ხანგრძლივობა არ შეესაბამებოდა ეროვნულ სასწავლო გეგმას; არ უდგინდებოდა ქონება, სასწავლო რესურსი, კომპიუტერები, ავეჯი და სხვა. დარღვევები იყო სერიოზული“, - აღნიშნა დავით კობახიძემ.

რაც შეეხება მშობლების პრეტენზიებს სწავლის თანხის წინასწარ გადახდასთან დაკავშირებით, მისი თქმით, ეს არის შიდაადმინისტრაციული დავის საგანი და „ხელშეკრულებიდან გამომდინარე თავად უნდა გაარკვიონ თანხის დაბრუნება ეკუთვნით თუ არა“.

კერძო სკოლა „ლამპარის“ დახურვის გამო 65 მოსწავლე სკოლის გარეშე დარჩა. მშობლები აცხადებენ, რომ ზამთრის არდადეგების დასრულების შემდეგ ბავშვები სკოლაში მივიდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ის აღარ ფუნქციონირებდა.