დონალდ ტრამპმა აშშ-ის ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობიდან გამოსვლას მოაწერა ხელი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აშშ-ის ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობიდან (TPP) გამოსვლის შესახებ ბრძანებას.

„ჩვენ ეს-ესაა ხელი მოვაწერეთ უდიდესი მნიშვნელობის გადაწყვეტილებას ამერიკელი მუშებისთვის“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში მწვავედ აკრიტიკებდა TPP-ს და აღნიშნავდა, რომ „პარტნიორობა პოტენციურ კატასტროფას წარმოადგენს აშშ-სთვის“.

ტრამპის განცხადებითვის, ქვეყნისთვის უფრო მნიშვენელოვანია ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები, ვიდრე TPP.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მომავალში ის ასევე გადახედავს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ჩრდილოეთამერიკულ შეთანხმებას (NAFTA), რომელიც  აშშ-ს, კანადასა და მექსიკას შორის გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერა ბილ კლინტონმა და ძალაში 1994 წლიდან შევიდა.

ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის შექმნაზე აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონის 12 ქვეყანა: აშშ, ავსტრალია, კანადა, იაპონია, მექსიკა, მალაიზია, პერუ, სინგაპური, ჩილე, ბრუნეი, ახალი ზელანდია და ვიეტნამი 2015 წელს 5-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმდნენ. დოკუმენტს ხელი გასულ წელს მოეწერა, თუმცა ორგანიზაციას ჩამოყალიბებისთვის წევრი ქვეყნების რატიფიკაცია იყო საჭირო.

პარტნიორიობის მიზანი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნა იყო.

ახალი სავაჭრო კავშირი მსოფლიოში ყველაზე მსხვილია და მსოფლიო ვაჭრობის მოცულობის თითქმის 40%-ს მოიცავს.