აჭარაში, 2016 წელს, ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორების 94%-იანი ზრდა დაფიქსირდა, - ამის შესახებ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი იუწყება.
მათივე ინფორმაციით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული ცენტრების მომსახურებით წლის განმავლობაში 86 684-მა ვიზიტორმა ისარგებლა. რეგიონში არსებული ტურისტული პროდუქტებითა და სერვისებით ცენტრებში ძირითადათ რუსი, თურქი, უკრაინელი, პოლონელი და ებრაელი ტურისტები დაინტერესდნენ. მათ შორის, განსაკუთრებული პოპულარობით მაღალმთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტები და პროდუქტები სარგებლობდა.
რეგიონში მყოფ ტურისტებსა და ვიზიტორებს აჭარის მასშტაბით 9 საინფორმაციო-ტურისტული ცენტრი ემსახურება, სადაც ისინი რეგიონში არსებული ტურისტული სერვისების, ადგილებისა და პროდუქტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ღებულობენ. გარდა ამისა, ვიზიტორებს ცენტრებში აჭარის მუნიციპალიტეტებისთვის დამახასიათებელი, ადგილზე წარმოებული პროდუქტებისა და სუვენირების შეძენა შეუძლიათ. 2017 წლიდან, კი საინფორმაციო-ტურისტულ ცენტრებში სტუმრებს განახლებული საინფორმაციო-ტურისტული მასალები და ახალი მარშრუტების რუკები დახვდებათ.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრები ყველა მუნიციპალიტეტსა და ბათუმშია განთავსებული. საინფორმაციო ცენტრების მომსახურების ხარისხი 2016 წელს იდუმალი სტუმრის შეფასებით საუკეთესოდ დასახელდა. კვლევის შედეგად, 9-ვე ტურისტული ცენტრის 30 თანამშრომელი და ზოგადად, ცენტრის მუშაობა შეფასდა. 2017 წელს, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ცენტრების მოდერნიზაციასა და სერვისების განვითარებას გეგმავს.