სკოლა „ლამპარის“ დირექტორი - სკოლის ფართობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარვადგინე, ამიტომ არ მომცეს ავტორიზაცია

სკოლის ფართობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარვადგინე და ამიტომ არ მომცეს ავტორიზაცია, - ამის შესახებ კერძო სკოლა „ლამპარის“ დირექტორმა ნუკრი ნოზაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ავტორიზაციის შედეგები მშობლებს სასწავლო პროცესის განახლებისთანავე აცნობა, ახლა კი მობილობის წესით მოსწავლეების სხვადასხვა სკოლაში გადაგზავნა მიმდინარეობს.

„როდესაც 2015-2016 სასწავლო წელი დაიწყო, ყველა კლასის მშობელი შევკრიბე და ვაცნობე, რომ იანვარში სკოლას უწევდა ავტორიზაციის გავლა, რაზეც იქნებოდა შესაბამისი სამუშაოები გასაწევი. იანვარში ჩატარდა ავტორიზაციის სხდომა, სამი კომპონენტია, რომ ავტორიზაცია გაიარო. ესენია ადამიანური რესურსი, გრიფირებული სახელმძღვანელოები და მესამე, ფართის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. სკოლის ფართობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარვადგინე და ამიტომ, არ მომცეს ავტორიზაცია. როგორც კი განახლდა სასწავლო პროცესი, შევკრიბე მოსწავლეები და მასწავლებლები და ვაცნობე ავტორიზაციის შედეგი. ახლა უკვე მიმდინარეობს მობილობის წესით მოსწავლეების გადაგზავნა სხვადასხვა სკოლაში“, - აღნიშნა ნუკრი ნოზაძემ.

მან მშობლების ნაწილის პრეტენზიებსაც უპასუხა სწავლის საფასურის წინასწარ აღებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მას ბავშვების მშობლებისთვის თანხა წინასწარ არ გამოურთმევია. „არსებობს შესაბამისი ორგანო და მზად ვარ ვითანამშრომლო. თანხები არ მაქვს აღებული წინასწარ“, - აღნიშნა ნუკრი ნოზაძემ.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის დავით კობახიძის განცხადებით, „ლამპარს“ სამი მიზეზის გამო არ მიენიჭა რეავტორიზაცია.

„სკოლას ავტორიზაციის ვადა ამოეწურა. შემოიტანა განაცხადი რეავტორიზაციის პროცედურაზე, მაგრამ ვერ წარმოადგინა ფართის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასევე, სასკოლო სასწავლო გეგმაში არჩევითი საგნების მოცულობა, დასახელება და ხანგრძლივობა არ შეესაბამებოდა ეროვნულ სასწავლო გეგმას; არ უდგინდებოდა ქონება, სასწავლო რესურსი, კომპიუტერები, ავეჯი და სხვა. დარღვევები იყო სერიოზული“, - აღნიშნა დავით კობახიძემ.