ირმა ინაშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვის ინიციატივით საკონსტიტუციო კომისიას მიმართავს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ირმა ინაშვილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში „უფლებადამცველთა გაერთიანების" მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ წინადადებით შევა , რომელიც უცხოეთის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე პირებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში გადაცემის აკრძალვას ითვალისწინებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ირმა ინაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ კონსტიტუციაში შესატან ინიციატივას თან ერთვის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს გადაეცა.

„როგორც საკონსტიტუციო კომისიის წევრი, ამ ინიციატივას წარვადგენ კომისიაში. საქმე ეხება კონსტიტუციის 21-ე მუხლს. კონსტიტუციის 21-ე მუხლს უნდა დაემატოს პირველი პრიმა პუნქტი, რაც გულისხმობს იმას, რომ დაუშვებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში გადაცემა უცხოეთის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე პირებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. დღეს არის აბსოლუტური განუკითხაობა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისების ნაწილში. ქართული მიწები უნდა დავიცვათ ჩვენ. ეს არის სახელმწიფოს მთავარი ვალდებულება და ჩვენი საკონსტიტუციო ცვლილებაც სწორედ ამას ისახავს მიზნად“, - აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

„უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ითხოვს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები არ გასხვისდეს უცხოეთის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე პირებზე.

„ჩვენ შევიმუშავეთ კანონპროექტი და ამ პროცეში ჩართული იყვნენ ექსპერტები და სამართლის დარგის სპეციალისტები. იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო კომისია ჩვენს წინადადებას მისცემს დადებით პასუხს“,- აღნიშნა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

საზოგადოებრივი გაერთიანება „ქართული მისიის“ ერთ-ერთი ლიდერის, გია კორკოტაშვილის განცხადებით, ისინი ენდობიან „პატრიოტთა ალიანსს“ და ეცდებიან მათთან ერთთად მიაღწიონ აღნიშნული ცვლილებების განხორციელებას კონსტიტუციაში.