იოჰანეს ჰანი - ვიმედოვნებ, ევროკავშირი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე გადაწყვეტილებას შემდეგ კვირას მიიღებს

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი შემდეგ კვირას გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე.

„ვიმედოვნებ, რომ შემდეგ კვირას ჩვენ გვექნება სავიზო რეჟიმის რეალური ლიბერალიზაცია საქართველოსთან. საქართველომ ეს დაიმსახურა“, - განაცხადა იოჰანეს ჰანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

ევროკომისარმა აღნიშნა, რომ საქართველო „აქტიურად მუშაობდა საამისოდ“.

„ყველა ვალდებულება, რომელიც საქართველომ 2015 წლიდან აიღო, შესრულებულია“, - აღნიშნა მან.

იოჰანეს ჰანი თვლის, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდეგ საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროპას.

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კენჭისყრა 2 თებერვალსაა ჩანიშნული.