შეიცვლება თუ არა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების პროცენტი, დღეს გახდება ცნობილი.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა დღეს გაიმართება, რომელზეც რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომა 14 დეკემბერს ჩატარდა, რომელზეც სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 6.5 %-ზე დატოვა.
როგორც მაშინ ეროვნულ ბანკში განმარტეს, გადაწყვეტილება მიღებულია მაკროეკონომიკური პროგნოზის გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციაზე მოთხოვნის მხრიდან მოქმედი ფაქტორები სუსტია. თუმცა, ბოლო პერიოდის საგარეო შოკების გადმოცემისა და აქციზის გადასახადის დაგეგმილი ზრდის შედეგად, მოსალოდნელია ფასების ერთჯერადი ზრდა, მაგრამ ამ ფაქტორს ინფლაციური მოლოდინების შეზღუდვის პირობებში მხოლოდ მოკლევადიანი გავლენა ექნება ინფლაციის მაჩვენებელზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა მიზანშეწონილად მიიჩნია, პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად შენარჩუნება მოკლევადიან პერიოდში.
როგორც ეროვნულ ბანკში განაცხადეს, სებ-ი მომავალი გადაწყვეტილებებისთვის გაითვალისწინებს ინფლაციის მოლოდინის განმსაზღვრელი ფაქტორების დინამიკას.
როგორც სებ-ში განაცხადეს, საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვებიდან გამომდინარე, ასევე არ შეიცვალა პროცენტი იმ სესხებზე, რომლებიც რეფინანსირების განაკვეთზე არიან მიბმულები. ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, 2016 წლის 1-ელი ნოემბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 19 167 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა კი რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა დღეს, ქუთაისში გაიმართება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენციას გამართავს და მათ კომიტეტის გადაწყვეტილებას გააცნობს.