საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2016 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 236.4 მლნ ლარით გაიზარდა.
როგორც ეროვნული ბანკი იუწყება, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2016 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით 1.1 მლრდ ლარით (6.0 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.1 პროცენტით) და მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 18.9 მლრდ ლარი შეადგინა.
”ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 236.4 მლნ ლარით (3.8 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა 841.4 მლნ ლარით (7.3 პროცენტით; გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 2.7 პროცენტი შეადგინა).
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2016 წლის დეკემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.1 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.6 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 6.6 მლრდ ლარის (9.5 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 4.9 პროცენტით მეტი).
2016 წლის დეკემბრის განმავლობაში 4.8 პროცენტით ანუ 429.1 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 9.4 მლრდ ლარს გადააჭარბა.
მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 34.55 პროცენტი შეადგინა. 2016 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.23 პროცენტული პუნქტით გაიზარდა”, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.