გუშინდელი დღის მონაცემებით, გალარების პროგრამის ფარგლებში, 220 სესხის გალარება მოხდა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.
კობა გვენეტაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გალარება ერთჯერადი სოციალური აქციაა, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა და რომლის განხორციელებაში მას ეროვნული ბანკი ტექნიკურად ეხმარება.
როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, სესხების გალარების აქცია არ არის მიმართული იმისაკენ, რომ დაასტაბილუროს გაცვლითი კურსი და მას აქვს სხვა დანიშნულება.
გვენეტაძის თქმით, მსესხებლებს, რომლებსაც სესხი აღებული ჰქონდათ დოლარში, ლარის გაუფასურების გამო პრობლემები შეექმნათ და გაურთულდათ სესხის დაბრუნება, „გალარების აქციის შედეგად ხალხს აქვს არჩევანი, რომ თუკი შემოსავლები ლარში აქვთ, მათი გადახდები გახდეს პროგნოზირებადი“.
როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, გალარების პროცესი არის ნებაყოფლობითი. მისივე ინფორმაციით, გუშინდელი დღის მონაცემებით, გალარებულია 220 სესხი.
„ამ კვირაში ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსდება კალკულატორი, რომლითაც შესაძლებელი იქნება ანალიზი იმისა, თუ რა შედეგი შეიძლება დაუდგეს იმ ადამიანს, რომელიც დოლარში დაიტოვებს სესხს ან ალარებს მას. ხალხს ექნება გაანალიზების შესაძლებლობა“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.