საქართველოს ეროვნული ბანკის დღევანდელი განცხადება ადასტურებს იმას, რასაც ვამბობდით 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტისა და გადასახადების ზრდის შესახებ და რასაც საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარ ჯიბეზე გრძნობს , - ამის შესახებ ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
”ეროვნული ბანკის დღევანდელ განცხადებაში წერია, რომ „2017 წელს ინფლაცია ძირითადად მიზნობრივ მაჩვენებელზე ზემოთ იქნება.
...აღსანიშნავია სამომხმარებლო ფასებზე აქციზის ზრდისა და გაცვლითი კურსის ცვლილების გავლენა“. ინფლაციური მოლოდინების მოსათოკად, ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს მომდევნო ორი კვარტალის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთის ეტაპობრივად გაზრდას 7%-მდე. ანუ რა მივიღეთ ბიძინა ივანიშვილის მთავრობის უგუნური და მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად: - მთავრობამ გაზარდა გადასახადები, აქციზი და, შესაბამისად, გაძვირდა ბენზინი, დიზელი, გაზი; - ამ ნაბიჯმა დააჩქარა ფასების ზრდა ფართო მოხმარების საგნებზე, როგორიცაა პროდუქტი, მედიკამენტი, რაც ისედაც ძვირდებოდა ლარის დევალვაციის ფონზე; - ფასების ზრდა რომ შეანელოს, ეროვნული ბანკი აფერხებს ეკონომიკაში ფულის შედინებას, რაც კიდევ უფრო შეანელებს ეკონომიკურ ზრდას; - დაბალი ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო გააუარესებს სოციალურ და ეკონომიკურ ფონს და გაზრდის უმუშევრობას; ხალხის გაღარიბება გაგრძელდება”, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში შექმნილი ეკონომიკური კრიზისი უკვე აისახა საერთშორისო რეიტინგებზეც.
„ბლუმბერგის“ გლობალური რისკების რეიტინგში საქართველო ინვესტიციებისათვის ყველაზე სარისკო ქვეყნების ჯგუფში აღმოჩნდა, რაც, ერთი მხრივ, ივანიშვილის მთავრობის უგუნური და მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, მეორე მხრივ კი, ინვესტიციების კლების შემდგომი მიზეზი შეიძლება გახდეს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ჯიუტად უარს ამბობს გადასახადების შემცირებასა და საბიუჯეტო ხარჯების ფლანგვის პრაქტიკის დასრულებაზე, რაც ასეთი ეკონომიკური კრიზისის დროს აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯებია”, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ, რის შედეგადაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.75 %-ით განისაზღვრა.