2014 წლიდან მოყოლებული, ბანკებს არაპროფილური ბიზნესი ხელიდან არც გაუშვიათ. საბანკო სპეციალისტები ერთხმად აცხადებენ, რომ მსგავსი საქმიანობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღიკვეთოს და ამაზე პასუხისმგებლობას სებ-ს აკისრებენ. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, კომერციულ ბანკებს ისეთ საქმიანობაში აქვთ ცხვირი ჩაყოფილი, ბევრი ვერც კი წარმოიდგენს. ფაქტობრივად, არ არის დარჩენილი დარგი, სადაც ბანკების ქოლგის ქვეშ მომუშავე კომპანიები "წარმატებით არ მუშაობდნენ".
ბანკებისგან არაპროფილური აქტივების გამიჯვნის პროცესის მე-2 ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით სებ-ის პრეზიდენტმა ქუთაისში, გასვლითი სხდომის დროს განაცხადა. კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ დეტალები კანონპროექტის სებ-ში დამუშავების შემდეგ გაცხადდება. მას არ დაუკონკრეტებია, ცვლილებების შესახებ საბანკო სექტორს უკვე აქვს თუ არა ინფორმაცია. გვენეტაძემ, უბრალოდ, აღნიშნა, რომ აპირებენ, საკითხები ინდუსტრიასთან ერთად განიხილონ, თუმცა საბანკო სექტორი იგულისხმება, სამშენებლო, ჰოსპიტალური, ფარმაცევტული თუ ენერგეტიკული, ეს უცნობია. ჩამოთვლილი დარგების მიმართულებებია, სადაც ბანკები პირდაპირ ან შვილობილი კომპანიებით არიან წარმოდგენილი.
ბანკების სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა "რეზონანსთან" ამბობს, რომ საშუალოვადიან პერიოდში ბანკებისა და ბიზნესის გამიჯვნის მოლოდინი არ აქვს, რადგან კომერციული ბანკები სხვადასხვა ბიზნესის ერთპიროვნული მმართველები არიან. ეროვნული ბანკი კი მათ მიმართ შემწყნარებლურ პოზიციას ინარჩუნებს.
"ბანკები მართავენ უამრავ სხვადასხვა ბიზნესს, მათ შორის, ისეთი უცნაური, როგორიც არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების ბიზნესი. ისინი ფლობენ სასწავლო, ნავთობპროდუქტების, სამედიცინო, სადაზღვევო, სავაჭრო და სხვა სფეროში მომუშავე კომპანიებს.
პირდაპირ გეტყვით, საშუალოვადიან პერიოდში მათი ერთმანეთისგან გამიჯვნის (ეს სიტყვა უყვარს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს) მოლოდინი არ მაქვს. ჯერჯერობით ეროვნული ბანკი ძალიან შემწყნარებლურად უყურებს კომერციული ბანკების მოქმედებებს. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ სურვილის შემთხვევაში, ისინი არა მარტო გააფართოებენ არაპროფილურ საქმიანობას, არამედ დაიპყრობენ ეკონომიკის სხვა დარგებსაც, შეზღუდავენ კონკურენტებს და გახდებიან საქართველოს ერთპიროვნული მფლობელები.
ეროვნულ ბანკს მოვუწოდებდი, უმკაცრესად გააკონტროლოს კომერციული ბანკების საქმიანობა კანონთან მიმართებით. უნდა აღიკვეთოს კომერციული ბანკების მიერ არაპროფილური ბიზნესის შენიღბვა სხვადასხვა სამართლებრივი ფორმით. ეს უნდა აღკვეთოს ეროვნულმა ბანკმა და თანაც სასწრაფოდ, რადგან მათი პრეროგატივაა, გაიზიაროს განვითარებული ქვეყნების ზედამხედველობისა და რეგულირების გამოცდილება", - განუცხადა "რეზონანსს" ელიავამ.
საბანკო სფეროს სპეციალიტი ირაკლი ბერძენაძე ხაზს უსვამს, რომ ბანკების მხრიდან არაპროფილური ბიზნესის ფლობა საკმაოდ სახიფათო ტენდენციაა, რაც ხელს შეუშლის საშუალო სიდიდის კომპანიების განვითარებას. შესაბამისად, ამ მხრივ კოლაფსის საფრთხე მუდმივად იარსებებს. მისი აზრით, ამ საკითხის გადაწყვეტა ეტაპობრივად და უმტკივნეულო უნდა მოხდეს, რადგან ერთბაშად რაიმეს შეცვლა, თუნდაც სასიკეთოდ, კარგ შედეგს არ გამოიღებს.
"არაპროფილური ბიზნესის ფლობის პრობლემა განვითარებულ ქვეყნებში არ შეინიშნება, საქართველოში კი პირიქითაა - კომერციული ბანკები უშუალოდ დგანან სხვადასხვა კომპანიის უკან. უკვე საკმაოდ სახიფათო ტენდენციაა, რაც, პირველ რიგში, ხელს უშლის საშუალო ბიზნესის განვითარებას. სამწუხაროდ, მათი გამიჯვნა ასე მარტივად ვერ მოხდება, რადგან ამ ყველაფერს ექნება უკუეფექტიც.
მაგალითად, "საქართველოს ბანკს" რომ "ემ კვადრატის" ფლობა ავუკრძალოთ, შესაძლებელია პროტესტი გაუჩნდეთ კომერციულ ბანკებს და გამოიწვიოს ამ სექტორის დაფინანსების შეწყვეტა, რაც ბაზარს კოლაფსამდე მიიყვანს. ეს უმტკივნეულოდ, დროდადრო უნდა მოხდეს და არა ერთი ხელის მოსმით. სამწუხაროდ, მთავრობა ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რაც კარგი შედეგით არ სრულდება.
აშშ-შიც იგივე პრობლემა იყო, როდესაც ყველაფერი გადადიოდა ბანკების ხელში და ამისათვის შეიქმნა ე. წ. რეგულატორი. ამის შემდეგ უფრო დაცული გახადა ქვეყანა. საქართველოშიც ბანკებს უნდა დაუწესდეს რეგულაცია. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენთან კანონები, უბრალოდ, იწერება და არ სრულდება, რამდენად იმუშავებს ეს შეზღუდვა, ძნელი სათქმელია. ფაქტია, რომ 2014 წელს შემოვიღეთ რაღაც რეგულაცია, მაგრამ მათ დააარსეს სხვადასხვა კომპანია და ისევ ძველებურად განაგრძეს საქმიანობა.
ამას რომ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ და რა კუთხით განაგრძობენ აქტიურობას. მაინც მოძებნეს გამოსავალი. ასეთი ფაქტებიც უნდა აღიკვეთოს და ბიზნესი საბოლოოდ განთავისუფლდეს ბანკებისგან", - აღნიშნა ბერძენაძემ.
საბანკო სფეროს სპეციალისტი ვაჟა კაპანაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ კომერციული ბანკების მხრიდან ყველა სფეროში არაპროფილური ბიზნესის ფლობა არასწორი და სასწრაფოდ გამოსასწორებელი საკითხია. კაპანაძე იმ კანონს იხსენებს, რომელიც 2003 წლამდე მოქმედებდა.
"ხშირად ისე აქვთ შენიღბული საქმიანობა, რომ რთულია სატელიტური კომპანიების ზუსტი რაოდენობა განსაზღვრო. დანამდვილებით არ ვიცი, მაგრამ როგორც ამბობენ, ამ მხრივ მოწინავე რიგებში "საქართველოს ბანკია", რომელიც ასეულობით არაპროფილურ კომპანიას ფლობს. დანამდვილებით შემიძლია თქმა, რომ კომერციულ ბანკებს ყველა სფეროში აქვთ ბიზნესი, როგორც მომსახურების დარგში, ასევე სამშენებლო, თუ ფარმაცევტულ ბიზნესში.
ეფექტური შედეგის მისაღწევად არც ერთი სხვა ქვეყნის გამოცდილება არ გვჭირდება. საკმაოდ კარგი გამოცდილება გვქონდა 2003 წლამდე. სანამ "ნაციონალები" მოვიდოდნენ ხელისუფლებაში, იქამდე კომერციულ ბანკებს ეკრძალებოდათ არაპროფილური ბიზნესის მართვა. 2014 წლიდან თითქოს იყო მცდელობა, რომ ბანკები შეეზღუდათ, თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო.
აშშ-ში ობამამ კატეგორიულად აუკრძალა კომერციულ ბანკებს არაპროფილური ბიზნესის როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი ფლობა, ბანკების ეს ქმედება თავად საბანკო სისტემის ფილოსოფიას ეწინააღმდეგება. ის ფულადი სახსრები, რომლებიც მათ გააჩნიათ, იმიტომ კი არ აქვთ, რომ ბიზნესი აწარმოონ, არამედ იმისთვის, რომ ფული გაასესხონ. თანხები უნდა მოიზიდონ და ბანკი უნდა იყოს დაკრედიტებაზე პასუხისმგებელი და არა ბიზნესის მართვაზე. ეს არ არის მათი საქმე. სამწუხაროდ, საქართველოში პროცესი პირიქით მიმდინარეობს", - განუცხადა "რეზონანსს" კაპანაძემ.
ნათია ლომიძე
გაზეთი "რეზონანსი"