კანონში ცვლილება უკვე განხორციელებულია, ამიტომ ავანსი დაიბეგრება დღგ-თი, - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
თაბუაშვილის თქმით, საუბარი უკვე რაიმე სხვა ცვლილებაზე აღარ არის და აღნიშნული ცვლილება, რასაც ავანსის დღგ-თი დაბეგვრა გულისხმობს, ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების პროცესში განხორციელდა. თაბუაშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის სწორი მიდგომა და აღნიშნული მიდგომა დანერგილია ევროპის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებშიც.
”როცა მყიდველი ფულს უხდის გამყიდველს, ამ თანხაში გათვალისწინებულია დღგ-ს წილი, ანუ ის ნაწილი, რომელიც ბიუჯეტთან უნდა იქნას გადამისამართებული. ამაში უცნაური არაფერია”, - განაცხადა გიორგი თაბუაშვილმა.
რაც შეეხება ბიზნესის ბრალდებებს იმის შესახებ, რომ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ აღნიშნულთან დაკავშირებით და მხოლოდ წინასაახალწლოდ გაიგეს, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი პასუხობს, რომ ზუსტად არ იცის და შეიძლება ზოგს მეტი ინფორმაცია ჰქონდა, ზოგს ნაკლები.
”წინასწარი მუშაობა ჩატარებული იყო. თუ ვინმეს დამატებითი კითხვები აქვს, ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ მათთან, გავიაროთ კითხვები და ჩამოვყალიბდეთ ურთიერთსასარგებლო მიდგომაზე”, - აღნიშნა გიორგი თაბუაშვილმა.