სამშენებლო კომპანია "აქსისმა" საირმის ქუჩაზე შეჩერებული მშენებლობა განაახლა. როგორც კომპანიის დირექტორი გიორგი კაპანაძე აცხადებს, ”საირმე პალასის” 23 სართულიანი, მეორე კორპუსის მშენებლობა 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდება და დღემდე დაუკმაყოფილებელი მობინადრეები ახალ კორპუსში გადასვლას შეძლებენ.
მისივე განცხადებით, ”საირმე პალასის“ მეორე კორპუსში, პირველი კორპუსის მსგავსად, 120 ოჯახი განთავსდება.
მომხმარებლებმა აღნიშნულ ობიექტზე მშენებარე კორპუსში ბინების მიღების ხელშეკრულება კომპანიასთან 2007-08 წლებში გააფორმეს. მშენებლობა 2012 წლისთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა 2008 წლის კრიზისმა მშენებლობის შეფერხება გამოიწვია. გასულ წელს დაზარალებულები აცხადებდნენ, რომ 2017 წლიდან სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მოაწყობდნენ.
გიორგი კაპანაძის თქმით, ”საირმე პალასი” არის ბოლო შეჩერებული ობიექტი, რითაც კომპანია გასული წლების ვალდებულებების შესრულებას დაასრულებს და მობინადრეებს სრულად დააკმაყოფილებს. ამის შესახებ კაპანაძემ „აქსისის“ მიერ მოწყობილი მედია-ტურის მიმდინარეობისას განაცხადა. მედია-ტურის ფარგლებში ტელე-რადიო კომპანიების, ინტერნეტ და ბეჭდური მედიის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ კონკრეტულად გაცნობოდნენ ”აქსისის“ მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს.
„კომპანიას კარგად აქვს გააზრებული მომხმარებელის წინაშე აღებული პასუხისმგებლობა და სიძნელეების შექმნის დღიდან ეტაპობრივად ახდენს ყველა ნაკისრი ვალდებულების სისრულეში მოყვანას”, - აცხადებენ ”აქსისში”.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ”აქსისი“ 2017-2018 წლებში 15 ობიექტის მშენებლობას დაასრულებს და ქალაქს საცხოვრებელ ფართებთან ერთად, საოფისე, სავაჭრო და სარეკრეაციო ზონები შეემატება.
გიორგი კაპანაძის განცხადებით, ”აქსის პალასი 1”-ის სავაჭრო ცენტრში, მარტში, საქართველოში მოქმედი ჰიპერმარკეტების ერთ-ერთი ყველაზე ფართო ქსელის ფილიალი გაიხსნება.
მისივე თქმით, ”აქსის პალასი 2”-ში ტროტუარები გაფართოვდება და საფეხმავლო გზა მოეწყობა. ”აქსისის” დირექტორის განცხადებით, განსახორციელებელი პროექტები რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიციას მოიცავს.
„პალასი 1“ 10 საცხოვრებელი ბლოკისგან შედგება, საიდანაც შვიდი უკვე დასრულებულია, 2 მიმდინარე წელს და ერთი 2018 წლის დასაწყისში დასრულდება. „პალასი 2“ ოთხი ბლოკისგან შედგება, აქედან 2 უკვე დასრულებულია და დარჩენილი ორი მიმდინარე წელს დასრულდება. პალასი ორში, ბახტრიონისა და საბურთალოს ქუჩები ერთმანეთს საფეხმავლო გზით დაუკავშირდება, ასეთი საფეხმავლო ქუჩა ”აქსის თაუერსშიც” გაკეთდება და მისი სიგანე 20 მეტრი იქნება. კარგია რომ თანამედროვე თბილისშიც გვექნება მსგავსი სივრცე. საფეხმავლო გზების მშენებლობით ჩვენ კომერციულ ფართებს ვიკლებთ, რადგან გვინდა ჩვენი შენობების გარშემო ხალხმა იმოძრაოს”, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.
„აქსისი“ თბილისში კიდევ რამდენიმე მშენებლობას ახორციელებს, რომელთაგან ერთ-ერთი „აქსის თაუერსია“. 41 სართულიანი კომპლექსის მშენებლობა „აქსისისა“ და „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ პარტნიორობით ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარეობს. მშენებლობა 2017 წელს დასრულდება, ხოლო კომპლექსში განთავსებული 5- ვარსკვლავიანი სასტუმრო Pullman 2018 წლის ზაფხულში გაიხსნება.
„აქსისს“ დღემდე 38 კორპუსი აქვს აშენებული, აქედან 18 კორპუსი 2008 წლის აგვისტომდე, კრიზის დაწყებამდე აშენდა, 20 ობიექტის მშენებლობა კი, 2008 წლის აგვისტოდან დღემდე განხორციელდა.