2017 წლის 16 იანვრიდან ძალაში შევიდა სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებები, რომლის თანახმადაც ონლაინ სესხის გამცემ კომპანიებს გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთზე ლიმიტი დაუწესდათ. იმის შესახებ, თუ რას გულისხმობს ცვლილებები, რა ვითარება იყო და რა შეიცვლება ბაზარზე, - ამ და სხვა კითხვებით „ბიზნესპრესნიუსი“ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ნიკოლოზ გაგუას ესაუბრა.
რა ცვლილებები შევიდა ძალაში ონლაინ სესხებთან დაკავშირებით? რამდენია საპროცენტო განაკვეთი, ჯარიმა და ა.შ.? რის საფუძველზე მოხდა ამ პროცენტების დადგენა?
შემოტანილი ცვლილებით დადგინდება სესხების მაქსიმალური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც არ იქნება წლიურ 100 პროცენტზე მეტი. აღნიშნული ცვლილებების შეტანა მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხის აქტუალურობამ განაპირობა. დაკრედიტების აქამდე არსებული მოდელი ეკონომიკისათვის ეფექტური არ არის და ქვეყანაში დამატებულ ღირებულებას არ ქმნის. ამასთან, მსგავსი დაკრედიტება მომხმარებელთა უფლებებს უხეშად არღვევდა.
რა იცვლება ამ ცვლილებებით? რა სიტუაცია იყო ბაზარზე ამ რეგულაციების გარეშე და რა ვითარება შეიქმნება რეგულაციების ამოქმედების შედეგად?
ამ გადაწყვეტილების მიღებით დიდი ნაბიჯი გადავდგით ჩვენი მოსახლეობის, როგორც საფინანსო სერვისების მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით. ვალის მომსახურება რთულდებოდა ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთის გამო, რადგან არასაკმარისი ფინანსური განათლების პირობებში მოსახლეობისათვის საკუთარი ფინანსების მართვა რთულად დასაგეგმი აღმოჩნდა. შედეგად მოსახლეობისთვის საკმაოდ მწვავე პრობლემად იქცა საკმაოდ ხშირად ჭარბვალიანობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები.
არსებობს მძიმე სტატისტიკა, როდესაც მაღალ საპროცენტო განაკვეთს ემატება კიდევ უფრო მაღალი პირგასამტეხლო. სწრაფი და მოკლევადიანი სესხი ძალიან მალე შეუსაბამოდ მაღალი ხარჯებით ტრანსფორმირდებოდა გრძელვადიან სესხად. ამდენად, აუცილებელი იყო ვითარებაზე რეაგირება.
სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება შევისწავლეთ. მსოფლიო პრაქტიკაში სესხებთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის შეზღუდვებია. ძირითად შემთხვევაში, დადგენილია საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვარი. რიგ ქვეყნებში შეზღუდვა დღიურ, თვიურ ან ერთჯერადი სახით გაცემულ განაკვეთებზე ხდება და ზღუდავს ჯამურად გადასახდელი თანხის ოდენობით.
საპროცენტო განაკვეთები შეზღუდულია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა კანადა, აშშ, ავსტრალია, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა და სხვა. ამდენად მიგვაჩნია, რომ საპროცენტო შემოსავლების, საკომისიოების, ჯარიმების და სხვადასხვა ფინანსური სანქციების ოდენობის ჯამური ოდენობით შეზღუდვა კრედიტორს ერთის მხრივ აძლევს თავისუფლებას, მოახდინოს მსესხებლის სტიმულირება დროულად დააბრუნოს დავალიანება, თუმცა მეორეს მხრივ დაცული იქნება მომხმარებელთა უფლებებიც, რამდენადაც მათ ზუსტად და არაორაზროვნად ეცოდინება მაქსიმალური თანხა, რაც სანქციების სახით შეიძლება ჰქონდეს გადასახდელი.
თუ გაქვთ ინფორმაცია რამდენი ონლაინ სესხი იყო გაცემული, რამდენი მომხმარებელი ჰყავდა ამ ორგანიზაციებს, რა პროცენტებით გაიცემოდა სესხი?
საქართველოში არ არსებობს სრული სტატისტიკა, რამდენი მომხმარებელი ჰყავთ ონლაინ სესხების გამცემ კომპანიებს და როგორია მათი ბრუნვა. აღნიშნული ბიზნესის სტატისტიკის წარმოების ერთადერთი მცდელობა, საქართველოს ეროვნულ ბანკს ჰქონდა, თუმცა აღნიშნული მონაცემები არაზუსტია და აღნიშნულ სექტორში არსებულ ვითარებას მხოლოდ ნაწილობრივ ასახავს.მას შემდეგ, რაც ონლაინ სესხების ბიზნესი ეროვნული ბანკის რეგულაციების ქვეშ მოექცევა, ამ კუთხით მეტ-ნაკლებად სრული სურათის დანახვა შეგვეძლება. არსებული არასრული მონაცემებით კი ვითარება ასეთია: 2016 წელს მიმდინარე ჯამური პორტფელი 220 მილიონ ლარს შეადგენდა. მათ ჰყავდათ 600 000 აქტიური მსესხებელი. გადახდისუუნარობა კი 300 000 მსესხებელი ფიზიკური პირის შემთხვევაში ფიქსირდება. სესხის საშუალო მოცულობა შეადგენდა 300 ლარს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემი მხოლოდ 5 კომპანიიდან მიღებული ინფორმაციის შედეგად არის შედგენილი.
რაც შეეხება სესხის საპროცენტო განაკვეთს, საქართველოში ის ყოველთვიურად საშუალოდ 34-60%-ს შეადგენდა, ვადაგადაცილების შემთხვევაში ხარჯებს ემატებოდა პირგასამტეხლოც - ის როგორც წესი, ვადაგადაცილებული თანხის მინიმუმ 1%-ს შეადგენს დღეში. საბოლოო ჯამში, მსესხებლის მიერ კრედიტორისთვის გადახდილი თანხა ან ვადაგადაცილებებისას მიმდინარე დავალიანება თავდაპირველად აღებული სესხის თანხას რამდენჯერმე აღემატებოდა.
რა გავლენას იქონიებს ცვლილებები ონლაინსასესხო კომპანიებზე? რამდენად რეალურია რომ ცვლილებების შედეგად ზოგიერთ ორგანიზაციას ბაზრიდან გასვლა მოუწევს?
არ გამოვრიცხავთ, რომ საქართველოს სხვადასხვა კანონებში შეტანილი ცვლილებით, მათ საკუთარი ბიზნესის გადაწყობა მოუწიოთ. ჩვენი ვარაუდით, მათი დიდი ნაწილი საქმიანობას გააგრძელებს როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. ყოველ შემთხვევაში, მათ მიერ არჩეული ბიზნეს მოდელი მეტად იქნება ფიკუსირებული ეკონომიკის რეალური სექტორის დასაფინანსებლად. მათი საქმიანობის რეგულირებას ეროვნული ბანკი განახორციელებს, რაც მოიცავს: მის რეგისტრაციას და მისი რეგისტრაციის გაუქმებას, შესაფერისობის კრიტერიუმების, რისკების გამჟღავნების, მინიმალური კაპიტალის, ლიკვიდობის და დამატებითი მოთხოვნების დადგენას, შემოწმებას, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას.პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკის საკითხებში მაია მელიქიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ონლაინსასესხო კომპანიებმა შესაძლოა გამოსავალი მიკროსაფინანსოებად გარდაქმნაში ნახონ. ზოგი კომპანია გადაკეთდა კიდეც მიკროსაფინანსოდ. რატომ ითვლება გამოსავლად მიკროსაფინანსოდ გარდაქმნა? მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე არ ვრცელდება ამ სახის რეგულაციები?
ჩვენ მივესალმებით, თუკი ე.წ. ონლაინ სესხების გამცემი კომპანიები ორიენტირებული იქნებიან რეალური სექტორის დაკრედიტებაზე. ისინი, რომლებიც საქმიანობას გააგრძელებენ, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, იხელმძღვანელებენ შესაბამისი კანონით და იქნებიან ანგარიშვალდებულები ეროვნული ბანკის წინაშე. შესაბამისად, მის თითოეულ კლიენტს შეეძლება, სანამ საფინანსო ურთიერთობას დაიწყებს, მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია აღნიშნული გამსესხებელი ორგანიზაციის შესახებ და პირიქით, მასაც ექნება დეტალური ინფორმაცია მსესხებლის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რათა გადაწყვეტილების მიღება რისკების შეფასების სრული დაცვით მოხდეს.