წლების განმავლობაში საქართველოში გამომგონებლები არაერთ პრობლემას აწყდებოდნენ. რა პრობლემები აქვთ საქართველოში გამომგონებლებს და ვინ აფინანსებს მათ? - ამის თაობაზე „ბიზნესპრესნიუსი“ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორს, არაერთი გამოგონების ავტორს თემურ მაისურაძეს ესაუბრა.
- ქართველი გამომგონებლების მდგომარეობა წლების განმავლობაში მართლაც არ ყოფილა შესაშური და სახარბიელო: დავიწყებ საბჭოთა პერიოდით, როცა ნებისმიერი საინტერესო გამოგონება სახელმწიფოს საკუთრებად იყო მიჩნეული და მისი ავტორი საერთოდ ვერაფერს წყვეტდა. მას მხოლოდ მიზერული ჰონორარი ეკუთვნოდა, რომელსაც ფოსტით უგზავნიდნენ. ასეთი ჰონორარი „საქართველოს ფოსტით“ მეც მრავალჯერ მიმიღია. შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი გახდა, ყოველგვარი ვალდებულებები ამ ავტორებთან შეწყდა და ქართველების მიერ შექმნილი ყველა გამოგონების ნაციონალიზაცია რუსეთმა შეძლო. არანაირი მოთხოვნა ქართულ სახელმწიფოს ამის გამო არ წაუყენებია, არც თვით გამომგონებლებს ჰქონიათ პროტესტი, რადგან თავიდანვე შეგუებულნი იყვნენ, რომ მათი გამოგონება სახელმწიფოს საკუთრება იყო.
- რა სისტემით ხდებოდა ამ გამოგონებების შესყიდვა საბჭოთა პერიოდში?
- საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში, ყოველწლიურად 500-მდე ინოვაცია მაინც მზადდებოდა. აქედან აბსოლუტური უმრავლესობა ეკუთვნოდა კვლევით ინსტიტუტებს, ქარხნებსა და საწარმოებს... სწორედ მათ გაჰქონდათ თითქმის ყველა გამოგონება საკავშირო დონეზე. 1990-იანი წლებიდან ინოვაციების რაოდენობა განახევრდა, თანაც, განმცხადებლების უმეტესობა ფიზიკური პირი იყო და არა - საწარმო, ან კვლევითი ინსტიტუტი. ბოლო მონაცემებით, საქართველოში წელიწადში დაახლოებით 58 გამოგონება კეთდება და მათი 92% კვლავ ფიზიკური პირების საკუთრებაა, ინსტიტუციონალიზმი მოიშალა და დღეს საქართველოს არცერთ ინსტიტუტს არცერთი გამოგონება აღარა აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ უნივერსიტეტებში კვლევითი სისტემა აღარ არსებობს, ისინი ინტელექტუალურ პროდუქტს ვეღარ ქმნიან, რაც ძალიან ცუდია. გამოგონებების ხარისხი და დონეც ძალიან დაეცა: თუ ადრე გამომგონებლები სერიოზულ საკითხებს ეჭიდებოდნენ, ახლა წვრილმან, უმნიშვნელო პრობლემებზე მუშაობენ. ეს იმის ბრალიცაა, რომ საქართველოდან ძალიან ბევრი ნიჭიერი გამომგონებელი წავიდა. ისინი სხვა ქვეყნებში აგრძელებენ მუშაობას, სადაც მათი ჰონორარი გაცილებით მაღალია, ხოლო პირობები - უკეთესი.
-რა მდგომარეობაში არიან ჩვენი გამომგონებლები საქართველოში?
-2014 წლიდან ქვეყანაში მოქმედებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, რომლის სწორი მუშაობის შემთხვევაში ამ სფეროს გამოცოცხლება თავისუფლად შეიძლება. მე ამის იმედს არ ვკარგავ, რადგან ადრე მხოლოდ ლაპარაკობდნენ ინოვაციების დახმარებაზე, არანაირი უწყება, ან ინსტიტუტი არ არსებობდა, რომელიც გამომგონებელს მხარს დაუჭერდა. ახლა კი, თუ ყველაფერი სწორი მიმართულებით წავა, ეს ინსტიტუტი სერიოზულ შედეგებს მიაღწევს. მით უმეტეს, რომ ჩვენ გვაქვს „საქპატენტი“, რომელიც ძალიან დამსახურებულმა პიროვნებამ - დავით გაბუნიამ შექმნა. „საქპატენტი“ ყველა ნიჭიერ გამომგონებელს აძლევს შანსს, რომ მისი ნაშრომი უგზო-უკვლოდ არ დაიკარგოს. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ დღეს საქართველოში სიტყვა „გამოგონებამ“ ფასი დაკარგა.
-საქართველოში ხშირად არის ინოვაციის დაფინანსების პრობლემა: ვინ უნდა დააფინანსოს საინტერესო და კარგი გამოგონება - სახელმწიფომ, ბიზნესმა თუ კერძო პირმა?
- ბიზნესმენები საქართველოში ამ საკითხით დაინტერესებულნი არ არიან, რადგან ჩვენთან კონკურენცია მხოლოდ ვაჭრობაშია. მათი ინტერესის საგანია, ესა თუ ის სეგმენტი დაიკავონ და როგორმე იმპორტირებული პროდუქცია გაყიდონ. ჩვენთან არ არსებობენ კომპანიები, რომლებიც საერთაშორისო ბაზარზე რაღაც ახლის გასატანად იბრძოლებენ. აქედან გამომდინარე, ბიზნესს ინოვაციების დაფინანსებას ვერც მოსთხოვ. როდესაც ბიზნესმენს ფეხსაცმელი იტალიიდან შემოაქვს და ეს სფერო მონოპოლიზებული აქვს, ის ტყავის წარმოების ტექნოლოგიის განვითარებაზე იზრუნებს? ან რომელ გამოგონებაში ჩადებს თანხას ასეთი ბიზნესი? ჩვენი ბიზნესმენების უმეტესობა არაფერს აწარმოებს და მათ ინოვაციები სულაც არ სჭირდებათ. ამიტომ, გამოგონებებზე ისევ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს - მან უნდა შექმნას გარემო, სადაც ინოვაციებისადმი ინტერესი გაიზრდება. სხვათა შორის, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ასეთი მიდგომა აქვთ გამომგონებლების მიმართ. ასეა აშშ-ში, კორეაში, იაპონიაში - ყველგან, სადაც ტექნიკა და ტექნოლოგიები უმაღლეს დონეზეა განვითარებული.
ხათუნა ჩიგოგიძე