აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის დაწესებას გეგმავს. მიღებული ფულით კი ორ ქვეყანას შორის საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსება მოხდება. ეს განცხადება ტრამპმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მექსიკის პრეზიდენტმა ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.
აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის შესახებ განკარგულება ტრამპმა რამდენიმე დღის წინ გასცა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ის ამტკიცებდა, რომ ამ კედლის მშენებლობის ფულს მექსიკას გადაახდევინებდა.
მექსიკის პრეზიდენტის ენრიკე პენია ნიეტოს განცხადებით, მისი ქვეყანა არ აპირებს ”ტრამპის კედლის” მშენებლობის დაფინანსებას.
რამდენიმე საათში თეთრი სახლის პრეს-მდივანმა შონ სპაისერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ტრამპი კონგრესის წარმომადგენლებს შეხვდა და მექსიკურ საქონელზე გადასახადის დაწესების საკითხის გადასახადების სისტემის რეფორმის პაკეტში შეტანის შესაძლებლობა განიხილა.
სპაისერის თქმით, 20%-იანი გადასახადი აშშ-ს წელიწადში დაახლოებით 10 მილიარდ დოლარს მოუტანს.
”დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს გადასახადი ექსპორტზე, მაგრამ უცხოური საქონელი ქვეყანაში თავისუფლად, ყოველგვარი გადასახადის გარეშე შემოდის. ეს სასაცილოა”, - განაცხადა შონ სპაისერმა და დასძინა, რომ ეს გადასახადი კედლის მშენებლობის ხარჯებს დაფარავს.
ყოველდღიურად აშშ-მექსიკის საზღვარზე ორივე მიმართულებით 1,6 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გადის. ტრამპის შეფასებით, აშშ-მექსიკის 3200-კილომეტრიან საზღვრის გასწვრივ კედლის მშენებლობა 12 მილიარდი დოლარი დაჯდება, თუმცა ექსპერტები ამ მონაცემებს არ ენდობიან და 25 მილიარდ დოლარს ასახელებენ.
აღსანიშნავია, რომ კედლის მშენებლობის დაფინანსებაზე ნებართვა აშშ-ს კონგრესმაც უნდა გასცეს.