„ავანსის დღგ-თი დაბეგვრა ბიზნესთან ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე გადაწყდა“

ავანსის დღგ-თი დაბეგვრის შესახებ გადაწყვეტილება სახელმწიფომ მოულოდნელად, ბიზნესთან კომუნიკაციიისა და შეხვედრების გარეშე მიიღო. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ბიზნესასოციაციის საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ლალაზაშვილმა განუცხადა.

როგორც ლალაზაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, შედეგად ავანსზე მომუშავე და გრძელვადიანი კონტრაქტების მქონე კომპანიებს ფულადი სახსრების დანაკლისი შეექმნებათ, რისი შევსებაც ბანკიდან ან სხვა სახსრებით მოუწევთ. გარდა ამისა, ეს კომპანიები იძულებული იქნებიან ფასი გაზარდონ.

„ცვლილებების განხორციელება ძალიან სწრაფად კომუნიკაციის გარეშე მოხდა. შესაბამისად, ბევრი თემაა გაურკვეველი. ცვლილებები უკვე ძალაშია შესული, თუმცა, იმდენი პრაქტიკული მაგალითია, რომელზეც შემოსავლების სამსახურში პასუხს ვერ გაგვცემენ - თუ როგორ უნდა მოვიქცეთ. შედეგად მივიღებთ იმას, რომ ბიზნესი იქნება გაურკვევლობაში. გადაიხდის გადასახადებს, გააკეთებს დეკლარირებას. ამ დროს შესაძლოა ვიღაც დააჯარიმონ, ვიღაც არა. რეალობა კი ის იქნება, რომ რაღაცამდე დაახლოებით 1 წლის წვალების შემდეგ მივალთ,“-ამბობს ლალაზაშვილი.

მისივე თქმით, ფულადი დანაკლისის სახით ეს ცვლილებები იმ ბიზნესებს შეეტყობა, ვინც გრძელვადიან კონტრაქტებზე მუშაობს. ძირითადად ესენია - ინფრასტრუქტურული, სამშენებლო პროექტები და ა.შ.

შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი აღნიშნავს, რომ ზუსტად არ იცის ვინ რა დოზით იყო ინფორმირებული ცვლილებების შესახებ.

„თუ ვინმეს დამატებითი კითხვები აქვს, ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ მათთან, გავიაროთ კითხვები და ჩამოვყალიბდეთ ურთიერთსასარგებლო მიდგომაზე“, - ამბობს გიორგი თაბუაშვილი.

ზურაბ ლალაზაშვილი კი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ამ ყველაფერზე მსჯელობა უკვე გვიანია, მაგრამ მიესალმება თუ ვინმე მზად არის მოისმინოს და პრაქტიკაში გაითვალისწინოს ბიზნესის აზრი.

საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებით, 2017 წლიდან დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის დროდ განისაზღვრა საკომპენსაციო თანხის ( ე.წ. „ავანსის“) გადახდის მომენტი, თუკი თანხის გადახდა საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე განხორციელდა.

ცვლილება 2017 წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში.