მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი, რომელმაც ქონება საკუთარი შრომით დააგროვა, 26 წლის ირლანდიელი ჯონ კოლისონია.
„ფორბსის“ რეიტინგის თანახმად, ონლაინ-სერვის Stripe-ის თანადამფუძნებლის ქონება 1,1 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამდენივეს ფლობს მისი ძმა, 28 წლის პატრიკი.
ძმებმა 2007 წელს, მაშინ როცა ჯონი 17 წლისაც არ იყო, სამშობლოში - ირლანდიაში დააფუძნეს პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Shuppa. მათი კომპანია მოგვიანებით შეერწყა Auctomatic-ს, რომელიც eBay-ის პლატფორმისთვის მუშაობდა. 2008 წელს Auctomatic 5 მილიონად იქნა შეძენილი. ჯონ კოლისონი მაშინ მხოლოდ 17 წლის იყო.
მობილური სერვისი Stripe ხუთ წელიწადში გადახდის სისტემების ბაზრის ფავორიტი გახდა და უკვე უწევს კონკურენციას ისეთ გიგანტებს, როგორიც PayPal-ია. როგორ მოახერხეს სერვისის ახალგაზრდა დამფუძნებლებმა ინვესტორების მოზიდვა?
ხუთი წლის წინ ირლანდიელმა ძმებმა, პატრიკ და ჯონ კოლისონებმა მობილური გადახდის სერვისი Stripe გამოიგონეს. სერვისმა უცნობი პროექტიდან ფინანსურ ინდუსტრიაში ციფრული ეპოქის ლიდერის სტატუსზე მთავარ პრეტენდენტამდე გრძელი გზა გაიარა. თუმცა, 2015 წელს კომპანიამ თანამშრომელთა რიცხვი გააორმაგა (380 ადამიანამდე), ინვესტორებმა კი მისი ფასი 1,5 მილიარდიდან 5 მილიარდ დოლარამდე გაზარდეს. Stripe უკვე გასცდა აშშ-ს საზღვრებს. სერვისი 23 ქვეყნის ბაზრებზე მუშაობს და თანამშრომლობს Visa-სთან, Apple Pay-სთან, Alibaba-სთან და სხვა გიგანტებთან. ძმები კოლისონების სერვისის საშუალებით Facebook-ი, Twitter-ი და Pinteres-ი ელექტრონულ კომერციას, ხოლო რითეილერები Best Buy და Saks Fifth Avenue - მობილურ გადახდებს ავითარებენ.
Stripe კერძო კომპანიად რჩება და საკუთარ მოგებას არ ასაჯაროებს. Forbes-ის მონაცემებით, Stripe-ის გამოყენებით შესრულებული გადახდების მოცულობა წელიწადში 20 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.
კომპანიის ინფორმაციით, 2015 წელს ამერიკელთა 27%-მა მინიმუმ ერთხელ გამოიყენა მათი სერვისი, ხოლო ორი წლის წინ ეს მაჩვენებელი 3,8%-ს არ სცდებოდა. მაგრამ კოლისონები ტრიუმფით ტკბობას არ ჩქარობენ. ”ჩვენ არ გვიხარია, იმიტომ რომ ჯერ კიდევ შორს ვართ დასახული მიზნისგან”, - ამბობს პატრიკ კოლისონი, - თუკი ვინმე გადაწყვეტს, რომ ამოცანა შესრულებულია, ჩვენ დიდი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით”.
ციფრული გადახდების მექანიზმის გამარტივების საქმეში Stripe-ის წარმატება მხოლოდ ნაბიჯია ამბიციურ მისიამდე - კომპანიას სურს გახდეს ფუნდამენტი ელექტრონული ვაჭრობის ახალი ფორმების შექმნისთვის.
ძმებ კოლისონებს ძლიერი კონკურენტები ჰყავთ. Braintree - ბაზრის გიგანტის PayPal-ის პროექტი - ირწმუნება, რომ 2015 წელს ორჯერ მეტი -$50 მილიარდი - გადახდა განახორციელა, ხოლო მის კლიენტებს შორის არიან Uber და Airbnb. ევროპული სტარტაპი Adyen-იც უსწრებს Stripe-ს მოცულობით და აგრესიულად იპყრობს ახალ ბაზრებს. მაგრამ სანამ ონლაინში მსოფლიო ვაჭრობის მხოლოდ 2%-ია გადასული, ძმებ კოლისონებს და მათ ინვესტორებს სჯერათ, რომ ციფრულ მომავალში ადგილი ყველასთვის მოიძებნება. Stripe-ის მთავარი მტერი მისივე შეცდომებია. ”ჩვენ უნდა შევესაბამებოდეთ სერვისის ხარისხის ყველაზე მაღალ სტანდარტებს”, - ამბობს პატრიკ კოლისონი.