ზაზა სოფრომაძე - კერძო სადაზღვევო კომპანიებსა და კლინიკებს შორის თანამშრომლობის არცთუ ისე კარგი მაგალითები გვქონდა

სულ ახლო წარსულში არცთუ ისე კარგი მაგალითები გვქონდა კერძო სადაზღვევო კომპანიებსა და კლინიკებს შორის თანამშრომლობის, მუდმივად იყო პრეტენზიები ერთმანეთის მიმართ , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ განაცხადა, რომელიც ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე იმყოფება, სადაც სადაზღვევო კომპანიების, დაზღვევის ასოციაციების წარმომადგენლები კომიტეტში შეხვედრას მართავენ და საყოველთაო დაზღვევის პრობლემებზე მსჯელობენ.

დაზღვევის ასოციაციამ კომიტეტის სხდომაზე წარადგინა იდეა, რომელიც გულისხმობს საყოველთაო დაზღვევაში კერძო სადაზღვევო კომპანიების ჩართულობას. როგორც აღნიშნულის კომენტირებისას ზაზა სოფრომაძემ აღნიშნა, არც ისე კარგი გამოცდილება გვაქვს კერძო სადაზღვევო კომპანიებსა და კლინიკებს შორის თანამშრომლობის, სახელმწიფოსაც გააჩნია შენიშვნები მათ მიმართ, ამიტომ მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებისას სიჩქარე საჭირო არ არის და შეჯერებული გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული.

რაც შეეხება საყოველთაო დაზღვევას, ზაზა სოფრომაძის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ამ სფეროში ბევრი იდეაა და ეს კარგია.

”დღეს სადაზღვევო ასოციაციამ წარმოადგინა თავისი შეხედულებები ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის შესახებ. იდეები, ბუნებრივია, ბევრია ამ სფეროში და ეს კარგია. ეს არის ერთ-ერთი პრეზენტაცია, რასაც მივესალმებით, რაც უფრო მეტი სხვადასხვა ჯგუფი, რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ჩართული ამ პროცესებში, ეს მისასალმებელია. ჯადაცვის სამინისტროს თავისი მკაფიო გეგმა აქვს შემუშავებული სისტემის განვითარებასთან მიმართებაში. რაც დღეს მოვისმინეთ, ძალიან ბევრი თანხვედრა გვაქვს იმასთან, რასაც ჩვენ ვგეგმავთ, თუმცა ეს არის ძალიან სენსიტიური პროცესი და ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება სფეროს განვითარებისთვის შეიძლება დამღუპველიც იყოს”, - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.

მინისტრის მოადგილე აღნიშნულ საკითხზე დებატების გახსნას მიესალმება და გეგმავს, რომ უახლოეს მომავალში თავის მოსაზრებები წარადგინოს.

”სერიოზულად ვმუშაობთ ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებით. პირველ რიგში ვგეგმავთ დასაქმებულთა უფრო მეტ ჩართულობას სამედიცინო სერვისების უზრუნველყოფის ნაწილში. ასევე სავალდებულობის პრინციპის დანერგვა იგეგმება, მაღალშემოსავლიანი მოქალაქეების ჩართულობა, ასევე ვგეგმავთ ნაწილობრივი დაზღვევის ელემენტების შემოტანას სისტემაში. საყოველთაო ჯანდაცვის ადმინისტრირება გამკაცრდება 1 თებერვლიდან, დაიწყება სელექციური კონტრაქტირება დედათა და ბავშვთა კლინიკების მიმართულებით, ხოლო ერთი თვის შემდეგ უკვე სხვა კლინიკებთანაც. სახელმწიფო დადებს ხელშეკრულებას იმ კლინიკებთან, რომლებიც მეტად ესადაგებიან სახელმწიფო პოლიტიკას. გეგმებში შედის ასევე შესყიდვების თემა, რომელზეც ვმუშაობთ. ყველა ეს ღონისძიება კიდევ უფრო მეტად გააჯანსაღებს სისტემას და უფრო წარმატებულს გახდის რეფორმას”, - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.