ძლიერი თოვისა და ლიპყინული გამო, საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული, - ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან იუწყებიან. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვის, ძლიერი ქარბუქის და ლიპყინულის) გამო, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის როდიონოვკა(ფარავანი)-ნინოწმინდის (კმ110-კმ146) მონაკვეთზე და ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
„საავტომობილო გზების დეპარტამენტი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.