რუსეთისთვის სანქციების მოხსნაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ტრამპს ჰკითხეს, არის თუ არა ის მზად რუსეთისთვის დაწესებული სანქციები მოხსნას.
„რამდენადაც ვიცი ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი დაგეგმილია. ვნახოთ, რა გამოვა. რაც შეეხება სანქციებს, ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ყველა ქვეყანასთან კარგი ურთიერთობები გვექნება“, - განაცხადა აშშ-ის ლიდერმა.
„გარანტიები არ არის, მაგრამ თუ შევძლებთ ამის მიღწევას, ეს დადებითი იქნება“, - დაამატა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან „ფანტასტიურ ურთიერთობებს“ იმედოვნებს.
„ეს შესაძლებელია. შესაძლოა, ეს არც მოხდეს. ვნახოთ, რა მოხდება. ვაპირებ მტკიცედ წარმოვადგინო ამერიკელი ხალხის ინტერესები. თუ ჩვენ რუსეთთან და სხვა ქვეყნებთან კარგი ურთიერთობები გვექნება, თუ ჩვენ ერთად დავუპირისპირდებით „ისლამურ სახელმწიფოს“, რომელიც უნდა შევაჩეროთ, ეს კარგია და არა ცუდი“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.