მექსიკურ სოციალურ ქსელებში კამპანია დაიწყო, რომელიც მოუწოდებს ამერიკული პროდუქციის ბოიკოტირებისკენ, მას შემდეგ, რაც ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას მექსიკის საზღვართან კედლის აშენების შესახებ. "ტვიტერსა" და სხვა სოციალურ ქსელებში მექსიკელებს მოუწოდებენ ბოიკოტი გამოუცხადონ ამერიკულ საქონელს და ასევე McDonald's, Walmart, Coca-Cola-ს და სხვა ამერიკული კომპანიების მომსახურებებს. აღნიშნულ კამპანიას გამოეხმაურა ამერიკული ქსელი Starbucks. კომპანიამ განაცხადა, რომ მილიონობით დოლარის ინვესტირება მოახდინა მექსიკის ეკონომიკაში და 7 ათასი სამუშაო ადგილი შექმნა. Starbucks-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქსელის მართვას მექსიკაში ახორციელებს მექსიკური კომპანია Alsea. გარდა ამისა, კომპანია მსოფლიოს მასშტაბით მექსიკური წარმოების ყავას ყიდის.