ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილზე ახალი კლინიკა შენდება. პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალი კლინიკის მშენებლობა მიმდინარეობს და ზაფხულში არსებული კორპუსის დემონტაჟი მოხდება , - ამის შესახებ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა.
როგორც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ამბობს, ამ დროის განმავლობაში საავადმყოფოში დასაქმებული თანამშრომლების გადამზადება მოხდება. მისივე თქმით, ახალი კლინიკა ელექტრონულ სისტემაზე იქნება მოწყობილი.
„პროექტი ჯერ კიდევ ორი წლის წინ იყო დაანონსებული და დაწყებულია მშენებლობა, რომელიც 170 საწოლზეა გათვლილი. ეს არ არის უცებ მოფიქრებული საკითხი. შენობის ძირითადი ნაწილი უკვე აშენებულია. მშენებელი იცავს ვალდებულებებს, იმისათვის, რომ მშენებლობა დასრულდეს, საჭიროა სრული ინფრასტრუქტურის შექმნა. ამ ეტაპზე, ფილტრები, გამწოვები, სუფთა ნაკადები, ასევე საკანალაზიცო მილების მოწყობა უნდა მოხდეს. ეს ყველაფერი საჭიროებს არსებული კორპუსის დემონტაჟს. ეს თავიდანვე იყო ჩადებული პროექტში და დაახლოებით ზაფხულისთვის, 5-6 თვეში არსებული კორპუსის დემონტაჟი მოხდება, რათა სრულად მოეწყოს ახალი კლინიკა. ამაზე ჩვენ ახლავე დავიწყეთ საუბარი, რათა არავინ თქვას, რომ მოიფიქრეს და ერთ კვირაში დაანგრიეს. რაც შეეხება პაციენტების ჯანმრთელობის დაცვას, რეგიონში საკმაოდ არის კლინიკები, მათ შორის რამდენიმე კლინიკა დამატებით ამ პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოფს 15-დან და 20 -მდე რეანიმაციულ საწოლს“, - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.
რაც შეეხება თანამშრომლების საკითხს, მინისტრის თქმით, ექიმთა 80 პროცენტი პარალელურად სხვა კლინიკებში მუშაობენ.
„ახალი კლინიკა ელექტრონულ სისტემაზე იქნება მოწყობილი და შესაბამისად, ეს ყველაფერი მედდების მხრიდან გადამზადებას საჭიროებს. ეს პერიოდი, მედდებს მაინც დასჭირდებოდათ გადასამზადებლად“,- განაცხადა ზაალ მიქელაძემ.
როგორც მინისტრი ამბობს, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად 600-მდე თანამშრომელი მუშაობს და ახალ კლინიკაში პირველივე ეტაპზე 720-მდე თანამშრომელია საჭირო. მისივე თქმით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება.