დიდუბის გამგებელი - ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება მხოლოდ გამგეობის მასშტაბებს აღემატება

დიდუბის რაიონის გამგებელი ვარაუდობს, რომ ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალი „ფართო მასშტაბის“ იქნება.

როგორც ირმა ზავრადაშვილმა ჟურნალისტებს ბავშვთა სამყაროსთან განუცხადა, სავარაუდოდ, ზარალის ანაზღაურება მხოლოდ გამგეობის ბიუჯეტიდან რთული იქნება.

„პოლიცია აქაა, ყველა აქაა. ალბათ, გაარკვევენ, რა იყო მიზეზი. იმედს ვიტოვებ, რომ დაზღვევა არსებობს. ანაზღაურებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, ჯერ ცეცხლი უნდა ჩავაქროთ და მოხდეს ხანძრის ლოკალიზება, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ. გამგეობის მასშტაბებს ეს აღემატება. ეს უფრო ფართო მასშტაბის პრობლემაა, რადგან ძალიან დიდი ცეცხლია“, - განაცხადა დიდუბის გამგებელმა.

ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ძლიერი ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მაშველთა 26 მანქანა მუშაობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ჯერჯერობით ვერ საუბრობენ, რამდენ კვადრატულ მეტრ ფართობზეა გავრცელებული ხანძარი, თუმცა არსებული ინფორმაციით, ცეცხლი მთელ შენობას უკიდია.

„შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. წუთი-წუთზე ველოდებით ხანძრის ლოკალიზებას“, - განაცხადეს უწყებაში.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ბავშვთა სამყაროში ცეცხლი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა.