თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, „ბავშვთა სამყაროსა“ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრისგან დაზარალებული მოვაჭრეების წინაშე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ბაზრის ადმინისტრაციამ უნდა აიღოს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად თბილისის მერმა განუცხადა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება.
დავით ნარმანია ხანძრისგან დაზარალებულ მოვაჭრეებს გაესაუბრა და „ბავშვთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია დაათვალიერა.
როგორც ნარმანიამ განაცხადა, ხანძრის მასშტაბი ძალიან დიდი იყო, თუმცა ამ ეტაპზე ლოკალიზებულია. მეხანძრეები ცალკეულ კერებზე მუშაობენ, რათა ხანძრის სრული ლიკვიდაცია მოხდეს.
„ზარალი არის ძალიან დიდი. ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა და მათი მხრიდან ისმის კითხვები, როგორ მოხდება ზარალის ანაზღაურება. დაზარალებულებისა და ჩვენი მხრიდან მთავარი აქცენტები კეთდება ბაზრობის ადმინისტრაციაზე. ბაზრობის ადმინისტრაციამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ ადამიანების წინაშე. ადმინისტრაცია, პირველ რიგში, პასუხისმგებელია გამოჩნდეს ამ ადამიანებთან, უთხრან მათ, რით შეუძლიათ დაეხმარონ. გამოძიებით უნდა დადგინდეს ხანძრის გამომწვევი მიზეზები. ძალიან ბევრ კითხვას, რომელიც ამ ადამიანების მხრიდან არსებობს, უნდა გაეცეს პასუხი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი ადამიანი დაზარალდა. გამოძიება დაადგენს ხანძრის შედეგად გამოწვეულ ზარალსაც.
დავით ნარმანიამ ასევე უპასუხა მოვაჭრეების პრეტენზიას, რომ ადგილზე სახანძრო ბრიგადა დაგვიანებით მივიდა და საკმარისი წყალი არ ჰქონდა.
„ქალაქის სამაშველო სამსახური ერთ-ერთი ოპერატიული სამსახურია. არ მგონია, რომ მსგავს რამესთან გვქონდეს საქმე“, - განაცხადა ნარმანიამ.