სავაჭრო ცენტრ „ბავშთა სამყაროსა“ და მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ამ დროისათვის ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლის დავით გელაშვილის ცნობით ამ დროისათვის შენობა ავარიულია, რადგან „ბავშვთა სამყაროს“ მზიდმა კონსტრუქციამ დაზიანება მიიღო.
მისივე ცნობით, ხანძარი დაახლოებით, 18 000 კვ.მეტრის ფართობის ტერიტორიაზე იყო გავრცელებული. მოვაჭრეთა თქმით, აურაცხელი ზარალი ნახეს.
ხანძრის შედეგად, რომლის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია, არავინ დაშავებულა. თუმცა, ”ბავშვთა სამყაროს” მოვაჭრეების ნაწილის ვარაუდით, სავაჭრო ცენტრში ხანძარი განზრახ გააჩინეს.
„ცეცხლი რომ სპეციალურად არ გაეჩინათ, ის ყველგან ერთდროულად არ მოეკიდებოდა,“-აღნიშნავენ ისინი.
მოვაჭრეები ელექტროსადენების მიზეზით ხანძრის გაჩენას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ყოველ საღამოს 6 საათზე ელექტროენერგია ითიშება და თავად ტერიტორიას ამის შემდეგ ტოვებენ.
ისინი სხვადასხვა ვერსიებზეც საუბრობენ. ნაწილის თქმით, ტერიტორია აუქციონზე იყო გატანილი და მისი გაყიდვა იგეგმებოდა. ნაწილის ცნობით კი, რამდენიმე თვის წინ თანამშრომლებს შორის გავრცელებული ინფორმაციით, „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე "კარფურის" მშენებლობა იგეგმებოდა.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში კი აღნიშნავენ, რომ ეს ტერიტორია აუქციონზე არ იყიდებოდა. თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ ტერიტოირაზე არსებული ცალკეული ფართები იყო გატანილი.
მოვაჭრეების ცნობით, სახანძრო ბრიგადები ხანძარს ღამის 3 საათიდან აქრობენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლის დავით გელაშვილის თქმით, კი ხანძრის შესახებ ინფორმაცია 04:10 საათზე შევიდა.
შემთხვევის გამო ათეულობით მოვაჭრე დაზარალდა, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ. შეწყვეტილია სავაჭრო ცენტრის გარე პერიმეტრზე ვაჭრობაც. მოვაჭრეები დილიდან საკუთარი ნივთების ტერიტორიიდან გატანას ცდილობენ.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, „ბავშვთა სამყაროსა“ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრისგან დაზარალებული მოვაჭრეების წინაშე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ბაზრის ადმინისტრაციამ უნდა აიღოს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ბავშვთა სამყაროში" ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმე „სისხლის სამართლის კოდექსის“ 187-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
იხილეთ ფოტოგალერეა