„ბავშვთა სამყაროს“ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები ხელისუფლებისაგან დახმარებას ითხოვენ.
როგორც დაზარალებული მოქალაქეების ნაწილი აცხადებს, მეხანძრეები გამოძახების შემდეგ ადგილზე ნახევარი საათის შემდეგ მივიდნენ და მათ წყალი არ ჰქონდათ. დაზარალებულები ასევე ამბობენ, რომ „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა რომ ყოფილიყო, ცეცხლი ასე არ გავრცელდებოდა. ერთ-ერთი დაზარალებულის, ლია რეხვიაშვილის თქმით, „ბავშვთა სამყაროში“ მას სამი სექცია დაეწვა.
„ბანკიდან დიდი სესხი მქონდა გამოტანილი, სამი სექცია მქონდა. სახელმწიფოს მეტი ვინ გვყავს პატრონი, ვითხოვთ დახმარებას. სახანძროს წყალი არ ჰქონდა როცა მოვიდა, მაშინ მხოლოდ ერთ ადგილას იყო ცეცხლი, სანამ წყალი აავსეს, ცეცხლი სხვა ტერიტორიაზეც გავრცელდა. აქ ასე აცხადებენ, რომ 04.00 საათზე მოსულან მეხანძრეები“, - განაცხადა ლია რეხვიაშვილმა.
ერთ-ერთი დაზარალებულის, როზა მირზაშვილის განცხადებით, „ბავშვთა სამყაროს“ პირველ სართულზე იგი ავეჯის სექციაში მუშაობდა და მათი ზარალი ძალიან დიდია.
„ბავშვები გვყავს შესანახი. თუ რამე ქონება გვქონდა, აქ გვქონდა ჩადებული და პურის ფულიც აღარ დაგვრჩა, რომ პური ვიყიდოთ“, - განაცხადა მირზაშვილმა.
შემთხვევის ადგილზე ასევე სააქციო საზოგადოება სავაჭრო სახლი „ბავშვთა სამყაროს“ აქციონერებიც იმყოფებოდნენ. ისინი აცხადებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ხანძარი შეგნებულად გააჩინეს, რადგან ამ ტერიტორიით დაინტერესებული იყვნენ, თუმცა კონკრეტულად ვინ, ამაზე ისინი არ საუბრობენ. ერთ-ერთმა აქციონერმა სამი წლის წინ ბაზრობა „იქსის“ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარიც გაიხსენა, რომლის დროსაც დოკუმენტაცია დაიწვა.
„ხალხი საუბრობს, რომ მეხანძრეებს წყალი არ ჰქონდათ. მე გვიან მოვედი და ზუსტად არ ვიცი, ცეცხლი კარგად გააღვივეს, დაანგრევენ ახლა და მიზანს მიაღწევენ“, - განაცხადა ყოფილმა აქციონერმა ქეთევან ჯოხაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.
„ბავშვთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მეხანძრეები ამ წუთებშიც მუშაობენ. ადგილზე კერების ლიკვიდაცია მიმდინარეობს.