სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროსა“ და მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად „ბავშვთა სამყაროს“ შენობა მთლიანად განადგურებულია. დამწვარია ათეულობით მოვაჭრის სავაჭრო ინვენტარი და პროდუქცია.
გამოწვეული ზარალი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, ხანძრის მასშტაბები ძალიან დიდი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, შენობა და იქ არსებული სავაჭრო ობიექტები, საწყობები და ე.წ. „ოქროს ბირჟა“ მთლიანად დაიწვა.
მოვაჭრეების გათვლით, სავარაუდოდ 100 ათასობით ლარის ზარალი მიადგათ. სავაჭრო ცენტრში, ძირითადად, ოქროს ნაკეთობების, ავეჯის, ხალიჩების, ფარდების, ტანსაცმლის და სხვა ნივთების რეალიზაცია ხდებოდა.
დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი ვარაუდობს, რომ "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალი „ფართო მასშტაბისაა“ და მისი ანაზღაურება მხოლოდ გამგეობის ბიუჯეტიდან რთული იქნება.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით კი, „ბავშვთა სამყაროსა“ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრისგან დაზარალებული მოვაჭრეების წინაშე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ბაზრის ადმინისტრაციამ უნდა აიღოს.
შენობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო. მათივე ცნობით, ღამის საათებში დაცვა სისტემატურად ამოწმებს ტერიტორიას და ყველა კარიც იკეტება.
რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, მათი ცნობით, ადმინისტრაციას მოვაჭრეების კომპენსაციის საშუალება არ აქვს.