„გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების დეტალების გასაჯაროება ქართული მხარის გადასაწყვეტი არ არის, ეს უნდა მოხდეს ორივე მხარის ურთიერთშეთანხმებით , - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „გაზპრომთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„რაც შეეხება გასაჯაროებას, კონკრეტულად ქართული მხარის გადასაწყვეტი არ არის, თუ რა კონკრეტული დეტალები უნდა იყოს გასაჯაროებული. ეს უნდა მოხდეს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. როგორც გითხარით, ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ზოგადად, შემოდის სხვადასხვა წერილი, რომ მაგალითად, უნდა იყოს გასაჯაროებული „სოკარის“ ხელშეკრულება, „შაჰდენიზის“ ხელშეკრულება. მგონია, რომ ეს არასწორია, როგორც ნორმალურ განვითარებულ ქვეყნებში ხდება, ასეთი ხელშეკრულებები არის კომერციული საიდუმლოება“, - განაცხადა კახა კალაძემ და დასძინა, რომ „გაზპრომთან“ შეთანხმება უკვე ხელმოწერილია.
რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობის მიერ მის პარლამენტში დაბარებას, ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე, რაც არსებობდა, ამომწურავი პასუხები იქნა გაცემული.
„ამომწურავი ინფორმაცია იქნა მიწოდებული, რაც ჩვენს მოსახლეობას აინტერესებდა. პოლიტიკურ სპეკულაციებსა და შოუებში მონაწილეობის მიღებას ნამდვილად არ ვაპირებ“, - განაცხადა კახა კალაძემ.