ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სამომავლოდ ერთგვარი ვალდებულებაც კი უნდა იყოს სავაჭრო ცენტრების, ბაზრობების აუცილებელი დაზღვევა. ამის შესახებ კახა კალაძემ ვაგზალზე, „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში გაჩენილი ხანძრის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კახა კალაძის განცხადებით, პირველ რიგში აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება და მიზეზები გაირკვეს.
„ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, ძალიან დამთრგუნველია ის ყველაფერი, რაც ვიხილეთ. შევდივარ იმ ადამიანების მდგომარეობაში, ძალიან მძიმეა ეს მათთვის. პირველ რიგში აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება, უნდა გაირკვეს მიზეზები. სამომავლოდ მე ვფიქრობ, ერთგვარი ვალდებულებაც კი უნდა იყოს სავაჭრო ცენტრების, ბაზრობების აუცილებელი დაზღვევა. ვფიქრობ, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და ეს უნდა იყოს კატეგორიული მოთხოვნა, გამკაცრებული უნდა იყოს ამ მიმართულებით მიდგომები“, - განაცხადა კახა კალაძემ.