სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გადაშენების პირას მყოფი ნაკადულის კალმახის საშენი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ესწრებოდნენ. როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან იუწყებიან, ჰიდრო-ენერგო სექტორში მოქმედმა კომპანიებმა ნაკადულის კალმახის საშენის პროექტი 300 000 ლარით დააფინანსეს.
„საქართველოს ჰიდრო-ენერგო სექტორში მოქმედმა კომპანიებმა, ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ნაკადულის კალმახის გადასარჩენად, 300 000 ლარით დააფინანსეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, სსიპ ეროვნული საშენი მეურნეობის, ნაკადულის კალმახის საშენის პროექტი.
2016 წლის სექტემბერში, ეროვნულმა საშენმა მეურნეობამ, მოწყვლადი სახეობის გადასარჩენი პროექტი წამოიწყო. საჩხერის მუნიციპალიტეტში, დაბა კვერეთში ნაკადულის კალმახის საშენი მოეწყო, სადაც ნაკადულის კალმახის 130-მდე ეგზემპლარია შეყვანილი და თევზის ქვირითის ინკუბატორია დამონტაჟებული. უახლოეს მომავალში, საკალმახეში მოეწყობა ტბორები, წყლის ფილტრაციის სისტემა და საქვირითე ინკუპატორი გაკეთდება“, - აღნიშნულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს განცხადებაში.