ბრიტანული განათლებისა და დიპლომის მიღება უკვე საქართველოშიც შესაძლებელია

კარგი და ხარისხიანი განათლება უკეთესი ცხოვრებისა და ძლიერი ეკონომიკის საწინდარია. ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნისა და თავისუფლად და სწრაფად გადაადგილების წყალობით, თანამედროვე მსოფლიოში ხარისხიანი განათლების მიღების ხელმისაწვდომობა საგრძნობლად გაიზარდა.

ფრიდრიხ ებერტის ბოლო კვლევის „ახალგაზრდები გარდამავალ პერიოდში“ თანახმად, 19-დან 24 წლამდე ასაკის გამოკითხულთა აზრით, ახალგაზრდამ აუცილებლად უნდა მიიღოს უმაღლესი განათლება, რაც კარიერული წინსვლისა და შემოსავლის გაზრდის საწინდარია. ამავე კვლევის თანხმად, რესპოდენტთა 52% მიიჩნევს, რომ საქართველოში განათლების დონე საშუალოდ დამაკმაყოფილებელია, 26% კი არსებული საგანმანათლებლო სისტემით კმაყოფილია. მიუხედავად ამისა, გამოკითხულთა 17%-ს, უკეთესი განათლების მიღების მიზნით, სწავლების გაგრძელება საზღვარგარეთ სურს.

ამასთანავე, ახალგაზრდების უმრავლესობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საზღვარგარეთ სწავლა მათთვის საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაა.

23 წლის მარიამი ერთ-ერთია იმ სტუდენტებს შორის, ვინც საქართველო 5 წლის წინ კარგი განათლების მიღების მიზნით დატოვა და სასწავლებლად დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში გაემგზავრა. 4-წლიანი სწავლის შემდეგ მარიამი საქართველოში დაბრუნდა. ლონდონში, ჰალტის ბიზნეს სკოლაში სწავლის წლებს მარიამი, რა თქმა უნდა, სიხარულით და სიამაყით იხსენებს. თუმცა, ამბობს, რომ ეს ოთხი წელი გარკვეულ სირთულეებთანაც იყო დაკავშირებული, განსაკუთრებით კი ფინანსური კუთხით.

„18 წლის ვიყავი, როდესაც ლონდონში წავედი სასწავლებლად. ეს ჩემი პირველი გასვლა იყო უცხო ქვეყანაში სრულიად მარტო, მშობლების გარეშე. თავიდან ძალიან მიჭირდა, დასტრესილი ვიყავი, საქართველოში დაბრუნება მინდოდა. საკმაოდ რთული აღმოჩნდა ქალაქთან, ახალ გარემოსთან, იქაურ უამინდობასთან ადაპტაცია“, - იხსენებს მარიამი.

მისი თქმით, გარდა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სირთულეებისა, ლონდონში სწავლის მთავარი მინუსი ფინანსური მხარეა.

„მოგეხსენებათ, ლონდონი ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქია მსოფლიოში. სწავლის თანხის გარდა, აქ საკმაოდ ძვირია ცხოვრების ხარჯები, ტრანსპორტირება, გადასახადები. ეს ყველაფერი კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული. ჰალტის ბიზნეს სკოლაში ბაკალავრიატის გადასახადი წელიწადში 20 ათასი ფუნტია. მიუხედავად იმისა, რომ მე 40%-იანი დაფინანსება მქონდა, ჩემს მშობლებს მაინც საკმაოდ ბევრის გაღება უწევდათ. სამწუხაროდ, მე ვერაფრით ვეხმარებოდი მათ, რადგან არ მქონდა სამუშაო ვიზა და მთლიანად მშობლების ფინანსებზე ვიყავი დამოკიდებული. ეს კი როგორც მე, ისე ჩემს მშობლებს დიდ ტვირთად გვაწვა“, - ამბობს მარიამი, ჰალტის ბიზნეს სკოლის ბიზნეს მარკეტინგისა და მენეჯმენტის კურსდამთავრებული.

თანატოლების მსგავსად, მარიამი ფიქრობს, რომ გარკვეული მინუსების თავიდან ასაცილებლად, რაც საზღვარგარეთ სწავლას ახლავს თან, საუკეთესო გამოსავალია საერთაშორისო დიპლომის სამშობლოში აღება. მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც მოქმედებს. ცოტა ხნის წინ კი ბრიტანული დიპლომის მიღება საქართველოშიც გახდა შესაძლებელი.

bpnბრიტანული „ოქსფორდ ბრუკსის უნივერსიტეტი“ პირველად საქართველოში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად, საბაკალავრო პროგრამის - ბიზნეს ადმინისტრირება-ფინანსების განხორციელებას იწყებს.

საბაკალავრო პროგრამის - ბიზნეს ადმინისტრირება-ფინანსების მონაწილეებს საშუალება ეძლევათ მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება ფინანსების მიმართულებით და ერთი პროგრამის ფარგლებში მოიპოვონ ორი - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და ,,ოქსფროდ ბრუკსის უნივერსიტეტის’’ საერთაშორისო ბრიტანული დიპლომი.

პროგრამის გავლის შემდეგ სტუდენტებს BTU მიანიჭებს ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხს ფინანსებში, ხოლო ,,ოქსფორდ ბრუკსის უნივერსიტეტი’’ - ბაკალავრის ხარისხს გამოყენებით ფინანსებში.

,,ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი საკუთარ სტუდენტებს სთავაზობს საქართველოსთვის სრულიად ახალ პროგრამას ბიზნეს ადმინისტრირება ფინანსებში. ამ მიმართულების ბაკალავრიატის სტუდენტს ჩვენთან საშუალება ექნება, ქვეყნიდან გაუსვლელად, ყოველგვარი ზედმეტი ხარჯის გაწევის გარეშე, ისწავლოს მსოფლიოს ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში და მიიღოს საერთაშორისოდ აღიარებული ბრიტანული დიპლომი, რაც მათი შემდგომი დასაქმების გარანტი იქნება’’, - აღნიშნა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა პროგრამაზე საუბრის დროს.

თანამშრომლობას დადებითად აფასებს დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტიც.

”დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს მრავალფეროვანი ურთიერთობები აქვთ, ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო კავშირები არსებობს. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და ოქსფორდ ბრუკსის უნივერსიტეტის თანამშრომლობა კი ნამდვილად მნიშვნელოვანი ფაქტია ორივე ქვეყნისთვის,” - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტმა.

ბრიტანეთსა და საქართველოს საგანმანათლებლო სისტემებს შორის დაწყებული თანამშრომლობა კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის საერთაშორისო განათლებას და სტუდენტებს საშუალებას აძლევს საქართველოდან გაუსვლელად, ზედმეტი ფინანსების გაღების გარეშე, მიიღონ საერთაშორისოდ აღიარებული დიპლომი და გახდნენ მოთხოვნადი კადრი მსოფლიო ბაზარზე.

იხილეთ BTU-ს ვებ-გვერდი www.btu.ge