გაზის მიწისქვეშა საცავის მშენებლობა 2018 წლიდან დაიწყება - ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეიმურაზ გოჩიტაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გაზსაცავის პროექტის განხორციელების მეორე ფაზა უკვე მიმდინარეობს, რომელიც წლის ბოლოსთვის დასრულდება.
"გაზსაცავის პროექტის განხორციელების მეორე ფაზა დაწყებულია და წლის ბოლოს დასრულდება. 2018 წლიდან დავიწყებთ მშენებლობას და 2020 წელს, როდესაც ძალიან დიდი ნაკადები შემოვა აზერბაიჯანიდან (შაჰ-დენიზის საბადოდან), ჩვენ უკვე უნდა გვქონდეს გაზსაცავი", - განაცხადა გოჩიტაშვილმა.
გოჩიტაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ზამთრის პერიოდში, ზაფხულის პერიოდთან შედარებით დაახლოებით 3-ჯერ მეტ ბუნებრივ გაზს მოიხმარს. შესაბამისად, გაზსაცავის პროექტის განხორციელებით, შესაძლებელი იქნება მოხმარების უთანაბრობის დაბალანსება.
შეგახსნებთ, რომ არსებული პროექტის მიხედვით გაზსაცავის მოცულობა 230-250 მილიონი კუბური მეტრი იქნება, რაც საქართველოში ბუნებრივი გაზის მთლიანი წლიური მოხმარების 15%-ს შეადგენს.
ცნობისთვის, მიწისქვეშა გაზსაცავი მსოფლიოს მრავალი ქვეყნის გაზმომარაგების სისტემის ერთ-ერთ განუყოფელ ნაწილს შეადგენს. მოქმედი მსხვილი მიწისქვეშა გაზსაცავის რაოდენობამ მსოფლიოში 600-ს გადააჭარბა.
წყარო: ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია