ეროვნული ბანკი ”ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ფინანსურ ინსტიტუტებთან უშუამდგომლებს, რათა შესაძლებელი გახდეს საბანკო ვალდებულებების გადავადება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრისას გადაწყდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც ხანძრის გამო საქონელი დაეწვათ, საკუთარ ნაწილში, მაქსიმალურ შეღავათს გაუწევს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია ყველა შესაბამისი ინსტიტუტის ძალისხმევის კონსოლიდაცია, რათა დაზარალებულებს ტვირთი მაქსიმალურად შეუმსუბუქდეთ.
„ბავშვთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულნი არიან და შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.