გალარების პროგრამაში მონაწილეობა სესხის მქონე პირებს საშუალებას მისცემს, რომ სავალუტო რისკები მოიშორონ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განუცხადა, რომელიც დღეს ეროვნულ ბანკში ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა.როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრა კომერციულ ბანკებთან გაიმართა იმისთვის, რომ განხილულიყო ის შედეგები და საკითხები, რაც დაგროვდა ორი კვირის განმავლობაში, ანუ გალარების ერთჯერადი პროგრამის დაწყებიდან დღემდე.
„მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, თუ რა შედეგები იქნება და რა რაოდენობის სესხების გალარება მოხდება, ზუსტად ამ ადრეულ ეტაპზე სჯობს იმ საკითხების განხილვა, რაც დაგროვდა. მაგალითად, ფილიალებში სესხის ისტორიის მიუხედავად, მსესხებელს შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთი შესთავაზეს, ამავე დროს იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც კლიენტი კვალიფიცირდებოდა მსესხებლად, რომ შეძლებოდა გალარების პროგრამაში მონაწილეობის მიღება, მაგრამ ბანკში მას უარი ეთქვა. ეს ტექნიკური საკითხები ნამდვილად მოსალოდნელი იყო ამ ეტაპზე და სწორედ ამიტომ გაიმართა შეხვედრა“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მან კიდევ ერთხელ მიმართა მსესხებლებს, რომ გალარების პროგრამაში მონაწილეობა მათ საშუალებას მისცემს, მოიშორონ სავალუტო რისკები. „ანუ იმ შემთხვევაში, თუ სესხი დოლარშია და შემოსავალი ლარში, სჯობს, რომ სავალუტო რისკზე დამოკიდებულება შემცირდეს. ბევრი ანალიზი კეთდება სხვადასხვა ექსპერტის მიერ სხვადასხვა გადაცემაში. სამწუხაროდ, ძირითადი აქცენტი კეთდება იმაზე, თუ რა თანხის გადახდა იქნება აუცილებელი ერთ და მეორე შემთხვევაში, მაგრამ რატომღაც მთავარი საკითხი, რომ ეს არის შესაძლებლობა სავალუტო რისკის შემცირებისა, იკარგება“, - განაცხადა გვენეტაძემ.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მსესხებლებს და აღნიშნა, რომ მათ შეუძლიათ გალარების პროგრამის ფარგლებში ერთ ბანკში აღებული სესხი სხვა ბანკში გადაიტანონ. ასევე, როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, ეროვნული ბანკის ვებგვერდზე დაიდება კალკულატორი, რომელიც საშუალებას მისცემს მსესხებლებს, რომ გააკეთონ შედარება, თუ რა გადახდები იქნება სხვადასხვა შემთხვევაში.