ვახტანგ ბუცხრიკიძე - „თი-ბი-სი ბანკში“ 5 მილიონ ლარამდე სესხია გალარებული

დღეის მონაცემებით, „თი-ბი-სი ბანკში“ 5 მილიონ ლარამდე სესხია გალარებული , - ამის შესახებ ჟურნალისტებს „თი-ბი-სი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ გუშინ ეროვნულ ბანკში განუცხადა, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც ბუცხრიკიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, გალარების პროგრამა ორი კვირის წინ დაიწყო და „თი-ბი-სი ბანკი“ მასში აქტიურად არის ჩართული. „დღეის მონაცემებით, 5 მილიონ ლარამდეა გალარებული, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ იანვარი აქტიური თვე არ იყო და გვაქვს მოლოდინი, რომ თებერვლის განმავლობაში გაცილებით მეტი რაოდენობის სესხებს გავალარებთ“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში პირდაპირი კომუნიკაცია ყველაზე ეფექტურია. „ჩვენ სატელეფონო სერვისის საშუალებით მივაწვდით ინფორმაციას მომხმარებლებს, ასევე ჩვენი ფილიალები და საკრედიტო მენეჯერები უფრო აქტიურები გახდებიან და ვფიქრობთ, რომ პირდაპირი კომუნიკაციით ეფექტი გაცილებით უფრო მაღალი იქნება“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

გალარების პროგრამა 2017 წლის 17 იანვარს დაიწყო და ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.