2017 წლის 1 იანვრიდან აქციზის გადასახადი საავიაციო საწვავზეც გაიზარდა. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვანო მთვრალაშვილმა უთხრა, ცვლილებების შედეგად აქციზის გადასახადი საავიაციო ნავთზე (რეაქტიულ საწვავზე) გაორმაგდა და 440 ლარი გახდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, აისახა თუ არა საწვავის გაძვირება მგზავრობის ღირებულებაზე. თუმცა, მთვრალაშვილის თქმით, „ცვლილება შეეხო მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებიც შიდა ავიარეისებს ახორციელებს. რადგან საერთაშორისო ფრენების განმახორციელებელი კომპანიები აქციზის გადასახადისგან თავისუფლები არიან. შიდა ბაზარზე კი მთლიანი იმპორტირებული პროდუქციის მხოლოდ 1%-ის მოხმარება ხდება“.
ავიაკომპანიები კი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობენ, რომ 2017 წლიდან შიდა ჩარტერულ (კომერციულ) ავიარეისებზე მგზავრობის ღირებულება გაიზარდა. კერძოდ, 1 საათის განმავლობაში ყველა მიმართულებით - ფრენის საფასური 5%-ით, დაახლოებით 33 ლარით გაიზარდა.
როგორც კომპანიის „სერვისეირის“ ფინანსურმა მენეჯერმა, ირმა მღებრიშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ უთხრა, მგზავრობის ტარიფის ზრდის მიზეზი გახდა როგორც საწვავის, ასევე სააეროპორტო და სანავიგაციო ხარჯების გაზრდა.
„რეგულარული რეისების შემთხვევაში მგზავრობის ღირებულება არ შეცვლილა, რადგან საფასური სახელმწიფოს მიერ არის დადგენილი. რაც შეეხება კომერციულ, ჩარტერულ რეისებს მგზავრობის საფასური 5%-ით გაიზარდა. მაგალითად, ყველაზე მოთხოვნადი იყო ფრენები 1 საათის განმავლობაში, რაც 650 ლარი ღირდა, ახლა კი 685 ლარი გახდა,“- აღნიშნა მღებრიშვილმა.
კომპანია „ვანილა სქაიში“ კი ამბობენ, რომ მგზავრობის ღირებულება ამ დროისათვის არც რეგულარულ და არც ჩარტერულ რეისებზე არ შეცვლილა. თუმცა, კომპანიაში უჭირთ იმის თქმა, რამდენად მოსალოდნელია ტარიფის მატება.
2017 წლის იანვრიდან ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა. კერძოდ, ცვლილებების მიხედვით, ბენზინის შემთხვევაში აქციზის ღირებულება ერთ ტონაზე 250 ლარიდან 500 ლარამდე; დიზელზე - 150-დან 400 ლარამდე; გაზზე 1000 კუბურ მეტრზე - 80-დან 200 ლარამდე გაიზარდა.