კომპანია „ჰუავეი“ და მისი საკადრო პოლიტიკა.
კომპანია „ჰუავეი“ საქართველოს ბაზარზე უკვე 16 წელია ოპერირებს და ადგილობრივი ფიჭური კავშირგაბმულობის წამყვან ოპერატორებთან ერთად მრავალ წარმატებულ პროექტს ახორციელებს.
კომპანიის ძირითად მისიას კავშირგაბმულობის მიმართულების ხელშეწყობა წარმოადგენს. სფეროს განვითარებისთვის კადრების პროფესიული მომზადება არის აუცილებელი, - მიაჩნიათ „ჰუავეიში“.
„ჩვენთან მოქმედებს კარგად გაწერილი საკადრო პოლიტიკა. ვასაქმებთ პროფესიონალ კადრებს და ამასთანავე მუდმივად ვზრუნავთ მათ გადამზადებაზე, ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე, ტექნოლოგიური სიახლეების გაცნობაზე. ძალიან დიდ მნიშნელობას ვანიჭებთ ახალგაზრდების პროფესიულ მომზადებასაც, რასაც ჩვენს მიერ დანერგილი სტაჟირების პროგრამები უზრუნველყოფს. წარჩინებულ სტუდენტებს კი ეძლევათ შანსი გახდნენ „ჰუავეის“ წარმატებული გუნდის წევრები “ - აცხადებს „ჰუავეის“ ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი, მაია მაჭავარიანი.
„ჰუავეის“ ოფისში ძირითად ნაწილს ტექნიკური განყოფილება წარმოადგენს, სადაც თანამშრომლების 95%-ია დასაქმებული. კომპანიის ბიზნესი სამ ძირითად მიმართულებად არის გაყოფილი:
კავშირგაბმულობა, სამომხმარებლო ბიზნესი - კომპანიის მიერ წარმოებული მოწყობილობების ხაზი და IT პროდუქტები. მნიშვნელოვანია, რომ მიმართულებების მიხედვით ფუქციონირებს გადამზადების სისტემა, რომლის ფარგლებშიც ხდება მოწვეული ექსპერტების სემინარებისა და ონლაინ ტრენინგების ორგანიზება. ასევე თანამშრომლებისთვის ფუნქციონირებს სტაჟირების პროგრამები ჩინეთში.
„2015 წლიდან, კომპანიაში მოქმედებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დამამთავრებელი კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტებისთვის. პროგრამა, პროფესიული განვითარების, გამოცდილების დაგროვების საუკეთესო შესაძლებლობას წარმოადგენს. ახალგაზრდები პირველივე დღიდან, კომპანიის თანამშრომლებთან ერთად, ასრულებენ კონკრეტულ დავალებებს და გადიან საველე პრაქტიკას. გარდა ადგილობრივი პროგრამისა, კომპანიაში ასევე მოქმედებს პროექტი „Seeds for the Future“, რაც გულისხმობს წარჩინებული სტუდენტების ტრენინგს „ჰუავეის“ სათაო ოფისში, ჩინეთში“ - განაცხადა მაია მაჭავარიანმა.
პროფესიული განვითარების პროგრამები, რომელსაც „ჰუავეი“ საქართველოში ახორციელებს, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კავშირგაბმულობის სფეროს განვითარებას და საბოლოოდ, წარმატებული კადრების ჩამოყალიბებას. ამ ეტაპისთვის საქართველოს წარმომადგენლობაში უკვე დასაქმებულია 200-ზე მეტი ადამიანი, რომელთა სრულ უმრავლესობას ქართველები წარმოადგენენ.