ინტერვიუ თიბისი ბანკის ფინანსურ დირექტორთან, გიორგი შაგიძესთან
მთავრობის მიერ ინიცირებული გალარების პროგრამა უკვე ორი კვირაა ამოქმედდა. ღირს თუ არა დოლარში არსებული სესხების გალარება და არის თუ არა რეალურად სესხის გალარება შეღავათი მსესხებლისათვის, ამ კითხვებზე "თიბისი" ბანკის ფინანსურ დირექტორი, გიორგი შაგიძე გვპასუხობს:
მნიშვნელოვანია დავიწყოთ იმით, რომ ლარის კურსის პროგნოზირება ძალიან რთულია და დამოკიდებულია ძალიან ბევრ ფაქტორზე, ვგულისხმობ როგორც შიდა, ისე გარე ფაქტორებს და ბუნებრივია, ეს ფაქტორები ცვალებადია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ლარის კურსთან დაკავშირეული რისკების შემცირება, შესაბამისად, ამ პროგრამის მიზანი სწორედ სავალუტო რისკებისგან დაზღვევაა და არა ლარის კურსის სტაბილურობა ან კურსზე რაიმე სახის ზემოქმედება. პროგრამის ცალსახა მიზანია, რომ მსესხებლები კურსის ცვალებადობის რისკისგან დავაზღვიოთ.
თუ ვისაუბრებთ ძველ სესხებზე და მათ კონვერტაციაზე ლარში, აქ საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა თითქმის უტოლდება იმ 20 თეთრს, რომლის სუბსიდირებასაც ახორციელებს სახელმწიფო. მაგალითისათვის, დღეს დავთვალეთ, რომ 20 ათას დოლარიან სესხზე ყოველთვიურ გადასახდელებს შორის სხვაობა არის 19 ლარი, ანუ ასეთ შემთხვევაში მართალია, ყოველთვიური გადასახადი გაიზრდება 19 ლარით, მაგრამ ჯამურად მთელი 20 ათას დოლარიანი პორტფელი იქნება დაზღვეული სავალუტო რისკისგან.
წინა წლების გამოცდილებას რომ გადავხედოთ, 2015 წელს სავალუტო კურსის ცვლილებამ შეადგინა თითქმის 30%, 2016 წელს - 10%, ასეთ სიტუაციაში, ბუნებრივია, მსესხებლების სასესხო ვალდებულებები სავალუტო რისკებისგან დაზღვეული რომ ყოფილიყო, ეს ტვირთი ასე არ დააწვებოდათ.
რეფინანსირების განაკვეთი არის ინსტრუმენტი, რომელსაც ეროვნული ბანკი იყენებს ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის სამართავად, ანუ იმისათვის, რომ ინფლაცია არ იყოს დასაშვებზე მაღალი. შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთის შეცვლა არ არის გამორიცხული მომავალშიც. ეს განაკვეთი ცვალებადი იყო წარსულშიც, თუმცა რეფინანსირების განაკვეთი გაცილებით ნაკლებ ცვალებადი ან ვოლატიურია, ვიდრე დოლარის კურსი. შესაბამისად, მომავალშიც რეფინანსირების განაკვეთის იმდენად შეცვლა, რომ სასესხო ვალდებულება მთლიანად გაიზარდოს, რეალისტური არ არის.
გალარება, არსებული სესხების შემთხვევაში არის ნებაყოფლობითი და კლიენტი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, გაალაროს თუ არა დოლარში არსებული სესხი. თუ დაუშვათ კლიენტს აქვს ასეთი პროგნოზი, რომ ლარი გამყარდება, შეუძლია მიიღოს გადაწყეტილება და გაალაროს სესხი. უბრალოდ მინდა აღვნიშნო, რომ ლარის კურსის პროგნოზი, განსაკუთრებით მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში, საკმაოდ რთულია და ბევრ საგარეო და საშინაო ფაქტორზეა დამოკიდებული. ასეთ დროს მომხმარებელი უნდა დაფიქრდეს, აიღოს რისკი იმაზე, რაზეც პროგნოზის გაკეთება რთულია თუ დააზღვიოს თავი სავალუტო რისკისგან, გააგრძელოს დაახლოებით იმ თანხის გადახდა, რა თანხასაც დღემდე იხდიდა და ჰქონდეს ეს თანხა დაფიქსირებული ლარში, რომელიც არ შეიცვლება კურსთან ერთად.
პირველ რიგში, ეროვნული ბანკი გამოთქვამს მზადყოფნას ამ რესურსის გაცემაზე, უკვე არსებობს რამდენიმე პროგრამა, რომლის საშუალებითაც კომერციულ ბანკებს შეუძლიათ აიღონ რესურსი ეროვნული ბანკისგან. მეორე მხრივ, ბუნებრივია გაცემული სესხები თავად შექმნის უკვე ადგილობრივ რესურსებს. ასევე საუბარია საფონდო ბაზრის განვითარებაზე და საპენსიო რეფორმაზე, რომელიც ლარის რესურსის წყარო იქნება მომავალში.
დღეის მდგომარეობით, დეპოზიტები ძირითადად არის დოლარში, განსაკუთრებით ფიზიკური პირების ვადიანი დეპოზიტები და ეს, რა თქმა უნდა, აისახება ლარის სესხების ფასებში. სტიმული თვითონ ფასთა შორის სხვაობაა, მომავალში იმედი გვაქვს, რომ გრძელვადიან პერიოდში, როდესაც უფრო მეტი სესხი გაიცემა ლარში, ეს დააგენერირებს უფრო მეტ ლარის დეპოზიტებს. გალარების პროგრამა ზოგადად იქნება მიმართული იმისკენ, რომ მივაღწიოთ დოლარიზაციის ან ლარიზაციის საჭირო დონეს. მაგრამ ეს ერთი წლის საქმე არ არის. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია მოკლე ვადაში.
ბუნებრივია, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროგრამას. ზოგადად ნებისმიერი ქმედება, რეფორმა, რომელიც მიმართულია დოლარიზაციის მაჩვენელის შემცირებისკენ, მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და საბანკო სექტორისთვის. ჩვენი პირდაპირი ინტერესი და სარგებელია კლიენტის რისკების შემცირება, რომელსაც, ბუნებრივია, ჩვენს ძირითად ამოცანად განვიხილავთ. (R)