მსხვილი ინტერნეტ კომპანიები ტრამპის ქმედებებით შეშფოთებული არიან

ამერიკული მსხვილი ინტერნეტ კომპანიების ნაწილი, მათ შორის Google და Apple, შეშფოთებულები არიან დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემოღებული შეზღუდვებით. როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დირექტივას, რომელიც 7 ისლამური სახელმწიფოს მოქალაქეებს დროებით უზღუდავს ამერიკაში შესვლას.

მათი განცხადებით ამ კომპანიებში დასაქმებულია ათასობით ადამიანი, რომლებიც არიან არაბული და სხვა აზიური ქვეყნების მოქალაქეები.

საკუთარი თანამშრომლებისადმი გაგზავნილ წერილში Apple-ის ხელმძღვანელი ტიმ კუკი აცხადებს, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა არ უჭერს მხარს ამერიკის პრეზიდენტის დირექტივებს. "ჩვენ შევატყობინეთ თეთრ სახლს იმ ნეგატიურ შედეგებზე, რომელიც მოჰყვება ამ დირექტივებს” - განაცხადა კუკმა.

კორპორაცია Google-მა კი მივლინებებიდან უკან გამოიწვია თანამშრომლები, რომლებიც ამერიკის ფარგლებს გარეთ იმყოფებოდნენ, შემდგომი უსიამოვნებების თავიდან აცილების მიზნით.

კომპანია Netflix -ის ხელმძღვანელმა, რიდ ჰასტინგსმა საკუთარ „ფეისბუქის” გვერდზე დაწერა, რომ ტრამპის ქმედებები ზიანს აყენებენ მათი კომპანიის თანამშრომლებს მსოფლიოს მასშტაბით და იმდენად არაამერიკული აქტია, რომ წუხილს იწვევს ყველაში. ” კიდევ უარესი, ეს ქმედებები გახდიან ამერიკას ნაკლებად უსაფრთხოს იმის გამო, რომ ჩვენ დავკარგავთ მოკავშირეებს და ჩვენ შეგვიძულებენ” - დასძინა მან.

კომპანია Airbnb-ის აღმასრულებელი დირექტორისა და ერთ-ერთი დამფუძნებლის, ბრაიან ჩესკის თქმით, Airbnb უფასო საცხოვრებლით დაეხმარება დევნილებსა და სხვა ადამიანებს, რომლებსაც ტრამპის ახალი ბრძანება შეეხო და აშშ-ში შესვლა აეკრძალათ.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც აშშ-ის ტერიტორიაზე დევნილების მიღებას 120 დღით აჩერებს, ხოლო სირიელი დევნილების მიღებას განუსაზღვრელი ვადით. გარდა ამისა, 90 დღით ეკრძალებათ შესვლა აშშ-დან ირანის, ერაყის, ლიბანის, სომალის, სირიის, სუდანისა და იემენის მოქალაქეებს. ახალი ბრძანების თანახმად, ამ ქვეყნის მოქალაქეებს არ შეუშვებენ აშშ-სკენ მიმავალი თვითმფრინავზე მაშინაც კი, თუ მათ „მწვანე ბარათი“ აქვთ.

კოკა კვირკველია