ლაშა აბაშიძე - თბილისის მერია “ბავშვთა სამყაროს” მოვაჭრეებს სხვადასხვა ბაზრობებზე გადანაწილებას სთავაზობს

თბილისის მერია სავაჭრო ცენტრ “ბავშვთა სამყაროს” მოვაჭრეებს სხვადასხვა ბაზრობებზე გადანაწილებას სთავაზობს, - ამის შესახებ ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ ჟურნალისტებს “ბავშვთა სამყაროსთან” განუცხადა.

მისი თქმით, ეს შეთავაზება ეხება აბსოლუტურად ყველა მოვაჭრეს, რომელიც სავაჭრო ცენტრ “ბავშვთა სამყაროში” საქმიანობდა.

”ამ ადამიანებს შევთავაზებთ და თავიანთი სურვილის შემთხვევაში მოხდება მათი გადანაწილება სხვადასხვა ბაზრობებზე. ჩვენ გვქონდა ბაზრობების მესაკუთრეებთან კომუნიკაცია და მზად ვართ, რომ მათ ამის შესახებ შუამდგომლობა გავუწიოთ და არ შეწყვიტონ მათ საქმიანობა. დღეს ასევე რამდენიმე წუთში კონსოლიდირებული შეხვედრა გაიმართება თბილისის მერიაში, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები. მათ შორის ფინანსთა სამინისტროც და ეროვნული ბანკიც. ჩვენ მზად ვართ შუამდგომლობა ეროვნულ ბანკთან ერთად გავაკეთოთ საფინანსო ინსტიტუტთან, რომ სასესხო ვალდებულებებზე, რაც ამ ხალხს გააჩნია, გარკვეული შეთავათები დაუწესდეთ”, - განაცხადა აბაშიძემ.