”ბავშვთა სამყაროში” ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს სხვა ბაზრობებზე შეღავათიან რეჟიმში ვაჭრობის შესაძლებლობა ექნებათ, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს მერიაში მიმდინარე საკოორდინაციო თათბირზე განაცხადა.
დავით ნარმანიას თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ცალკეული ბაზრობების ხელმძღვანელობა მერიას გუშინ უკვე დაუკავშირდა.
მისივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს შეღავათიანი რეჟიმით სარგებლობა 3-დან 6 თვემდე პერიოდში შეეძლებათ.
დავით ნარმანია აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმა და განაცხადა, რომ ბაზრობების ადმინისტრაციების მხრიდან ”ბავშვთა სამყაროში” ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების მიმართ სოლიდარობა მნიშვნელოვანია.
ამასთან, დავით ნარმანიამ კვლავ გაუსვა ხაზი იმას, რომ ”ბავშვთა სამყაროს” მმართველი კომპანიის ადმინისტრაცია მერიასთან მუდმივ კონტაქტზეა. ასევე, დედაქალაქის მერმა მომხდართან დაკავშირებით მთავარი პასუხისმგებლობა კვლავ ”ბავშვთა სამყაროს” ადმინისტრაციას დააკისრა.
დღევანდელ შეხვედრას სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად ’ბავშვთა სამყაროსა” და ბაზრობების ასოციაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.