”ბავშვთა სამყაროს” აქციონერთა უმეტესობა თანახმა ვართ, მიმდინარე წლის მოგება უკლებლივ გადავუნაწილოთ დაზარალებულ ხალხს , - ამის შესახებ ერთ-ერთმა აქციონერმა და ”ბავშვთა სამყაროს” ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა გიორგი მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
”ყოველ წელს აქციონერები ვინაწილებთ დივიდენდებს, ანუ მიმდინარე წლის მოგებას. ჩვენ, აქციონერთა უმეტესობას გადაწყვეტილი გვაქვს მოვიწვიოთ კრება, სადაც აღნიშნულ წინადადებას გავაჟღერებთ. იმ შემთხვევაში, თუ ყველა აქციონერი დათანხმდება ამ პირობას, მაშინ ჩვენ მოვახდენთ მიმდინარე წლის მოგების დაზარალებული ხალხისთვის გადანაწილებას. თუმცა აღსანიშნავია ის, რომ ეს გადაწყვეტილება მისაღები იქნება ინდივიდუალურად და არ იქნება სავალდებულო”, - განაცხადა გიორგი მაჭავარიანმა.
რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმებზე დასმულ შეკითხვას, თუ რამდენად შეეფერებოდა „ბავშვთა სამყაროში“ უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაცია სავალდებულო ნორმებს, გიორგი მაჭავარიანმა განმარტა, რომ შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა დამონტაჟებული იყო.
”ჩვენ გვქონდა გაყვანილობა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის, ახლაც არის ჭერში შემორჩენილი. თუ რამდენად ჩაირთო და რამდენად იმუშავა აღნიშნულმა სისტემამ, ამას უკვე გამოძიება დაადგენს”, - განაცხადა გიორგი მაჭავარიანმა.